ანტიდისკრიმინაციული კანონი

გოგუაძე: ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები უმცირესობის უფლებებს ემყარება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, ყველა კანონმდებელმა უნდა იცოდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რომელიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის - ცალკეული ადამიანის უფლებების დარღვევა. ამის შესახებ გოგუაძემ პარლამენტში, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას თქვა.

"ეს არის ერთი ცალკეული ადამიანი და ყოველი ჩვენგანი. დიახ, ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ამა თუ იმ მომენტში. ყოველი ჩვენგანი უმცირესობაა, რადგან ერთია და ერთადერთი. თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ღირებულება კი, ეს მთავარი უმცირესობაა, ეს უკიდურესი უმციერესობა ანუ ყოველი ჩვენგანი. თუ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ, რომ თუ სახელმწიფოში იწყება რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ამით იწყება ყოველი ჩვენგანის უფლებების დარღვევაც", - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, იქ, სადაც ადამიანი უფლებააყრილი და მეორეხარისხოვანია, ტოტალიტარული სახელმწიფო და ჩაკეტილი, იდეოლოგიზირებული საზოგადოება ვითარდება. დეპუტატის განცხადებით, "ვისაც ასეთ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება, სწორედ ის დაიწყებს უმცირესობების ძიებას, რათა უმრავლესობის სახელით შეულახოს თანასწორობის უფლება".

"კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყოველი ჩვენგანის და ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე. და თუ ამ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა უმცირესობებს უფლებების დარღვევა, ამით დაიწყება ყოველი ჩვენგანის უფლებების დარღვევა. ჯგუფის წევრების რაოდენობა არანაირად არ ნიშნავს უპირატესობას მისი წევრებისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის და ყველგან, თანაბარი ვართ კანონის წინაშე, ჩვენი თავისუფლების და პასუხისმგებლობის წინაშე", - განაცხადა გოგუაძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, საზოგადოება გათავისუფლდეს სხვადასხვა ფობებისგან და შურისძიების გრძნობისგან.

კომენტარები