კრიზისი უკრაინაში

პუტინი უარყოფს რუსეთის ჩართულობას უკრაინაში მიმდინარე პროცესებში

AP

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციაზე ტელეფონით ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ საუბარში გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაზე პრორუსული აქტივისტების ქმედებების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ხელისუფლებას.

პუტინმა კი საუბარში უარყო რუსეთის ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებში.

"პრეზიდენტ ობამას პასუხად, რომელმაც გამოხატა შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევის შესახებ, პუტინმა თქვა, რომ ეს სპეკულაციები არასწორ ინფორმაციას ეფუძნება", - წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ობამამ პუტინს უთხრა, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს იმაში, დაარწმუნოს პრორუსული აქტივისტები, დატოვონ მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებული შენობები. ობამამ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის მნიშვნელობას.

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.

კრემლის განცხადებაში კი წერია, რომ პროტესტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არის შედეგი კიევის ხელისუფლების უუნარობისა და სურვილის არქონის, მიიღოს რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები.

პუტინმა საუბარში ობამას სთხოვა, აამოქმედოს ამერიკული მხარის შესაძლებლობები, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალის გამოყენება და სისხლისღვრა.

 

კომენტარები