ბიუჯეტი

ზურაბ ჯაფარიძე დავით ნარმანიას: სად წავიდა რვაასი მილიონი?

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2013 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები წლიურ გეგმასთან შედარებით 102 მლნ ლარით გაირღვა, ხოლო დაზუსტებულ წლიურ გეგმასთან შედარებით, 200 მლნ ლარზე მეტით. ჯაფარიძემ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ასახავს.

"დაზუსტებული გეგმა ნიშნავს იმას, რომ წლის დასაწყისში დაგეგმეს რაღაც ხარჯები და იმასთან შედარებით 122 ლარით მეტით გაირღვა. მაგრამ წლის შუაში გადაწყვიტეს, რომ ნარმანია უფრო მეტს დახარჯავდა და ჩაასწორეს, იმასთან შედარებით გაირღვა 200 მლნ ლარით", - თქვა ჯაფარიძემ. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებასა და ინფრასტრუქტურის პროექტებზე 600-800 მილიონ ლარს ხარჯავდა, რის შედეგებსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ხედავდა.

"ეს იყო ახლადდაგებული გზები, ახალი ინფრასტრუქტურა, გარემონტებული სიღნაღი, პრაქტიკულად ახლიდან აშენებული ბათუმი, გარემონტებული მცხეთა და ა.შ., ამის მაგალითი არის უამრავი. როდესაც 2013 წელს ბატონმა ნარმანიამ დახარჯა 800 მლნ, ამის შედეგს ვერ ხედავს პრაქტიკულად ვერავინ. ჩვენ გვინდოდა, გუშინ გვეჩვენებინა, რომ ეს დახარჯული თანხები არცერთ რეგიონში არ ჩანს, ამიტომ ბატონი ნარმანია პრესკონფერენციებს კი არ უნდა აწყობდეს და საუბრობდეს, რამდენად წარმატებული 2013 წელი ჰქონდა, არამედ უნდა სცემდეს ერთ მარტივ კითხვაზე პასუხს - სად წავიდა ეს რვაასი მილიონი", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ და ნარმანიას იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წელს დახარჯა 130 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2012 წელს.

"ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, კერძოდ ის, რომ 2012 წლის მეოთხე კვარტალი, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, პრაქტიკულად ჩავარდა. ამიტომ 2012 წელს დაიხარჯა ცოტა უფრო ნაკლები, დაახლოებით 650 მლნ ლარი და ამაზე აპელირებს ბატონი ნარმანია, როცა საუბრობს, რომ მეტი საქმე გააკეთა", - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ 2013 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაირღვა 60 მლნ ლარით, რაც ნიშნავს, რომ ეს ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ 55%-ით, რეგიონებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაირღვა 55 მლნ ლარით ანუ შესრულდა ბიუჯეტი 70%-ით, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი 50 მლნ ლარიდან დაიხარჯა 0 ლარი.

"50 მლნ იყო თანხა, რომელიც ყოველწლიურად იხარჯებოდა სოფლებში პატარ-პატარ პროექტებზე. ნაცვლად თითოეული სოფლისთვის ივანიშვილის დაპირებული 5-5 მლნ ლარისა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 მლნ ლარის დახარჯვაც კი ვერ მოახერხა ბატონმა ნარმანიამ", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებული პროექტებისთვისაც 0 ლარი დაიხარჯა.

"ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხა, ყოველ წელს საქართველოს სახელმწიფო რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯავდა საკმაოდ დიდ თანხებს, დაახლოებით, ნახევარ მილიარდზეა საუბარი. 450 მლნ იყო გამოყოფილი და ამ თანხებიდანაც, 2013 წელს დაიხარჯა 0 ლარი", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი.

ზურაბ ჯაფარიძემ მთლიანად საქართველოს ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლის საქართველოს ბიუჯეტის სახარჯო ნაწილში მხოლოდ ხელფასის ხარჯები გაიზარდა.

"ქართული ოცნების ბიუროკრატიამ დახარჯა ხელფასებზე 138 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2012 წელს. ამასთან, 2013 წელს ხელფასებზე დაიხარჯა 7 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. ეს მაშინ როცა საქმე გააკეთეს ნაკლები, ვიდრე 2012 წელს" - თქვა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ მთლიანად საქართველოს ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი გაირღვა 700 მილიონზე მეტი ლარით.

"2013 წელს, სახელმწიფომ დახარჯა 21 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს. ანუ 2013 წელს ჩვენი მთავრობა მუშაობდა უფრო ცოტას, ვიდრე 2012 წელს" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა.

დღეს, დავით ნარმანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, 2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასო შესრულება 2012 წელთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იყო. ნარმანიას თქმითვე, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს და დამატებითი დაფინანსება გამოეყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას. 

კომენტარები