ბიუჯეტი

მაჭავარიანი: გვეუბნებიან ჩინოვნიკები თბილად ხართ, არა, არა ძალიან დაბალი ხელფასებია

ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა ბიუჯეტის განხილვისას სამთავრობო ხარჯების შემცირების შესაძლო ეფექტზე ისაუბრა. მაჭავარიანის თქმით, აქ ხარჯების დაზოგვის რესურსი არსებობს, თუმცა არა იმხელა, რომ ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მაკროეკონომიკური პარამეტრები.

"ცხადია მიმდინარე სამთავრობო ხარჯების შემცირების რესურსი არის, შეგიძლია კადრები შეამცირო, IT ტექნოლოგიები დანერგო და მმართვის უკეთესი სისტემები და გამოათავისუფლო, მაგრამ ეს ფული ვერ გამოდგება დეფიციტის შესამცირებლად. ეს ფული ვერ გამოდგება ფისკალური კონსოლიდაციისთვის, ეს ფული იქვე თუ არ მივაშველეთ მაღალანაზღაურებად კადრებს, თუ ეს ფული ამ IT სისტემებში და მმართვის უკეთეს სისტემებში, ჩვენ კადრები გაგვექცევა",- განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანას რაოდენობრივად დიდი, მაგრამ ძალიან დაბალანაზღაურებადი ბიუროკრატია აქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.

"ჩვენ ეგეთ სიტუაციაში ვართ, ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია, ჩვენ გვაქვს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია დაბალანაზღაურებადი. ხშირად ოპონენტები გვეუბნებიან - თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ, არა, არა, ძალიან დაბალი ხელფასებია. 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს, ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ საინტერესო ადამიანებს, მაღალკვალიფიციურს",- თქვა მაჭავარიანმა. 

ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით, 2.5 მილიარდი ლარით იზრდება. გაზრდილი ხარჯების ფინანსირების მთავარი წყარო კი წლევანდელის მსგავსად ახალი საგარეო ვალი იქნება. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება.

კომენტარები