აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ ამ ორმხრივი, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ ბევრ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხს. ასეთი საკითხი მრავლად დაგროვდა და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრაზე ისინი შეძლებისდაგვარად მოგვარდება", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს - ეკონომიკურ, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებს, "ასევე რამდენიმე ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხს, რომელსაც ოპერატიულად მოგვარება სჭირდება".

"ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეხვედრა საჭირო და დროული იქნება", - აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 4-5 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინიციატივით შეხვედრა ორჯერ გადაიდო

კომენტარები