ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა. კანდელაკმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 9 აპრილს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ აგრძელებს იმ პოლიტიკას რასაც მან 1989 წელს თბილისში, ბაქოშ, ვილნიუსში, რიგასა და ახლა უკვე უკრაინის შემთვევაში მიმართა.
"ის ძალა, რომელმაც 25 წლის წინ, თბილისში, ამ დღეს მოაწყო ხოცვა-ჟლეტვა, შემდეგ იგივე გააკეთა ბაქოში, ვილნიუსში, რიგაში და უახლოს წარსულში კიევში, ახლა ცდილობს უკრაინის დანაწილებას და უკრაინელი ხალხს ართმევს არჩევანის თავისუფლებას, წარმართონ თავიანთი ცხოვრების გზა სურვილისებრ. პუტინი შეიძლება შეეცადოს ჩვენს გასულელებას, თუმცა ჩემთვის ევროპული ინტეგრაციის 70%-იანი მხარდაჭერა, ძალზედ ნათელი გადაწყვეტილების მაჩვენებელია. როდესაც ჩვენ ვავლებდით პარალელს 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასა და 1930-იან წლებს შორის, ბევრი ამას წარბაწევით შეხვდა. ახლა ამ პარალელებს გვერდს ვეღარ ავუვლით. ე.წ. ყირიმის რეფერენდუმი მოგვაგონებს ანშლუსს და პუტინის ყალბი მოძღვრება საკუთარი „თანამემამულეების“ დაცვის შესახებ გასაოცრად გავს ჰიტლერის მიერ სუდეტების მიტაცებას", - აღნიშნა კანდელაკმა.
მისივე თქმით უკრაინის მოვლენები და რუსეთის ინტერვენციონალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რუსეთს საქართველოსი შეჭრისთვის "საფასური არ გადაუხდია".
"აქ მყოფთა უმრავლესობა დაეთანხმება იმას, რომ პუტინის მიერ მეზობელ ქვეყანაში ბრუტალურად შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მას საქართველოში ინტერვენციისათვის და როგორც თავად ამ ასამბლეამ შეაფასა, იქ ეთნიკური წმენდის შემდგომ შესაბამისი საფასური არ გადაუხდია. მე მახსოვს 2009 წელი, როდესაც ასამბლეის 75 წევრმა მოითხოვა რუსეთის მანდატის შეჩერება, ხოლო ბატონმა გროსმა დაიჟინა, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა „კომუნიკაციის არხები“, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ის რაც შედეგად მივიღეთ, ჩვენთვის სასურველის საწინააღმდეგო აღმოჩნდა.მე მადლობას ვუხდი მომხსენებლებს ზუსტი შეფასებებისთვის, რომელიც აგზავნის სამხედრო აგრესიის დაგმობის ზუსტ მესიჯს და ერთხმად ადასტურებს უკრაინის დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობას. მართალია, ამ ქმედებას მაღალი საფასური აქვს, თუმცა უმოქმედების ფასი ბევრად უფრო მაღალია", - განაცხადა კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა რუსი პარლამენტარებისთვის არა მხოლოდ ხმის უფლების ჩამორთმევა, არამედ მათთვის უფლებამოსილების შეჩერება.
"ხვალ ჩვენ გადამწყვეტი კენჭისყრა გვაქვს. რუსი პარლამენტარებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, მაშინ როდესაც მათ მხარი დაუჭირეს ყველა სამხედრო კამპანიას უკრაინაში, არა მარტო არაადეკვატურია, არამედ აღიქმება რუსების მხრიდან როგორც „გამარჯვება“. მე ვფიქრობ, ერთი რამ, რასაც ასამბლეის ყველა წევრი ეთანხმება არის ის, რომ არ უნდა წავახალისოთ აგრესორი. ძვირფასო კოლეგებო, 1968 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, მხოლოდ რვა გამბედავი ადამიანი გამოვიდა წითელ მოედანზე ბანერით „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. თავისუფალი რუსეთის არსებობა შეუძლებელია თავისუფალი უკრაინის გარეშე. თუ თქვენ მართლაც გსურთ, ერთ დღეს, თავისუფალი რუსეთის ნახვა, თქვენ ყოყმანის გარეშე უნდა დადგეთ უკრაინის გვერდით მათი და რუსეთის თავისუფლებისათვის", - აღნიშნა მან.





