ფარული ჩანაწერები

ბოკერია: არ გამოვრიცხავთ, ჭიკაიძის ბრალდებების შემდეგ, ჩანაწერები გამოქვეყნდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, შს მინისტრის განცხადებას, რომ "საპარლამენტო ოპოზიცია ფარული ჩანაწერებით ადამიანებს ისევ აშანტაჟებს", შესაძლოა, ენმ-ის წინააღმდეგ რაიმე სახის ჩანაწერების გამოქვეყნება მოჰყვეს. გადაცემა არჩევანში ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ "შს მინისტრის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ასე ღიად გალაშქრება, სახიფათო ტენდენციაა". ბოკერია ამ კონტექსტში ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც შს მინისტრი "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ"-ს წევრ ორგანიზაციებს ხელისუფლების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. 

გიგა ბოკერიას თქმით, წელიწად-ნახევარი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და მათ წინა მმართველი გუნდის ყველა შესაძლო სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი დრო ჰქონდათ.

"მით უმეტეს, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების პირველი დემოკრატიული ცვლილება მოხდა არჩევნების გზით. დღესაც საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციაში მყოფი ძალისკენ იშვერ ხელს, ასე, ზოგადად, არის წინასწარ გამოცხადება შესაძლო კიდევ ერთი ბინძური კამპანიის და მერე თავის მართლება, რომ იცით რა, ამას ჩვენ კი არ ვაკეთებთ, სხვები აკეთებენ. ვნახეთ ჰაკიმ ფაშას საქციელი, რომელიც ზედმეტსახელად იქცა ჩვენი პრემიერის, რომლის სახელითაც რაღაც ინსინუაციები და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მასალები გამოქვეყნდა შავი პროპაგანდისთვის", - განაცხადა ბოკერიამ და არ გამორიცხა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას შესაძლოა, კიდევ რამე ჩანაწერის გამოქვეყნება მოჰყვეს.

"ამას არ გამოვრიცხავთ, ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იყო, როგორც ირკვევა, სერიოზული პრობლემა ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების დროს, გამოქვეყნდა მაკომპრომეტირებელი მასალები ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსის წინააღმდეგ, რასაც პრაქტიკულად არაფერი არ მოჰყვა. კი, თანამდებობა დაკარგა ერთმა ადამიანმა, რომლის წინააღმდეგაც იყო პირდაპირ, უტყუარი მტკიცებულებები, ჩანაწერი, მაგრამ არანაირი სერიოზული გამოძიება არ ყოფილა, ყველას გვესმის, რომ ამ საქმეში ჩართული იყო მთელი ხელისუფლება ან რიგი ადამიანები და არაფერი არ მომხდარა ამხელა ამბის შემდეგ", - თქვა ბოკერიამ, სავარაუდოდ, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნების საქმეზე და აღნიშნა, რომ "ამ გამოცდილებით და იმ გამჭვირვალე გაჟონვებით, რაც უკვე ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით ვახსენე, არ გამოვრიცხავ არაფრის გამოქვეყნებას და ყველა შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების დაშინების მცდელობა".

ბოკერიას განცხადებითვე, ხელისუფლების ნაწილს არ ესმის, რომ უფლებადაცვითი ორგანიზაციები არ არიან მათი პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ისინი ბუნებრივად, ხშირად არიან მთავრობის კრიტიკოსები.

"მესმის, რომ ხელისუფლებას კრიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ მათ არ უნდა აღიქვამდეს ინსტიტუციონალურ მტრებად და ამ ტიპის განცხადებები, რომ არასამთავრობოები ხელისუფლების დისკრედიტაციით არიან დაკავებულები, არის არანორმალური და გვაგონებს სწორედ იანუკოვიჩის, პუტინის და ა.შ. რეჟიმს. მე მესმის, რომ ხელისუფლება არ დაეთანხმოს კრიტიკას და თან მწვავედ არ დაეთანხმოს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი ფორმით კრიტიკა, რომ მტრები და შეთქმულებები გელანდებოდეს, არის სახიფათო ტენდენცია", - აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ცინიზმია შს მინისტრის მხრიდან ამის იმ ხალხზე თქმა, რომლებიც წინა ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსები იყვნენ.

"შეიძლება, ჩვენც ხშირად არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს ნორმალური ვითარებაა და ამ ხელისუფლებას ეს არ ესმის, რომ ნორმალური ვითარებაა, უფლებადაცვითი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ფარული ჩანაწერებით ადამიანებს აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს. დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები - აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მართალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნავს ჭიკაიძე.

ჟურნალისტმა ასევე დაუსვა კითხვა - "არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ისევ გვისმენენ, მოდით პირდაპირ გკითხავთ, გვისმენთ?", რაზეც ჭიკაიძემ უპასუხა: "პირდაპირ გიპასუხებთ, რომ არა! ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. მიმდინარეობს კონსულტაციები სამართლებრივი ნორმების დახვეწის მიზნით. კარგია ამ ადამიანების აქტიურობა. თუმცა გარკვეულწილად ვიგრძენი, რომ ადგილი აქვს შსს-ს დისკრედიტაციას. განცხადება, რომ ისევ გვისმენენ, არის ტყუილი".

ასევე შეგახსენებთ, რომ  2013 წლის მაისში ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვირტუალურ სივრცეში მისმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განათავსა. ამის გამო ხვედელიძე დააკავეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 14 მაისის ბრძანებით კი, ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს და ხვედელიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გიორგი ფარესიშვილი ფასული ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და მის შემდეგ, ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ბიზნესკლანებსა და ბიზნესინტერესებზესაუბრობდა. მისი თქმით, ჩანაწერი გელა ხვედელიძესთან, მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან და ყოფილი პრემიერმინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილთან დაპირისპირების შემდეგ გამოუქვეყნეს. ფარესიშვილის მტკიცებით, აღნიშნული პირები კვერცხის ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულნი.

კომენტარები