NATO-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: თუ NATO-სგან მხარდაჭერა არ იქნა, შანსია, რუსეთმა აგრესია გააგრძელოს

irakli alasania official /facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, თუ NATO-ს მხრიდან შემდგომი მხარდაჭერა არ იქნება, შანსია, რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა და საზღვრების გაფართოება გააგრძელოს. აღნიშნული მან დღეს NATO-ს კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაფართოება" თქვა.

"ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი გახლავთ ვალიდაცია ჩვენი მისწრაფებების და ეს იქნება აშკარად გამოკვეთილი შედეგი NATO-ს სამიტზე. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია. ეს არის მაჩვენებელი, რომ ევროპა შესაბამისად აფასებს საქართველოს პოლიტიკურ მომწიფებას და რეფორმებს. NATO-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ დავინახოთ, რომ ვართ პარტნიორები, რომელთაც გააჩნიათ ნდობა NATO-ს ქვეყნების მხრიდან. ჩვენ არ წარმოვადგენთ პარტნიორებს, რომლებიც არიან არაკომფორტული ვინმესთვის, რადგან თუ შემდგომი მხარდაჭერა არ მოხდება, ეს ყველასთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ასპირანტი ქვეყნებისთვისაც, ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით პარტნიორი, ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი კომფორტულები, რადგან არის შანსი, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და საზღვრების გაფართოებას. ეს იქნება დამანგრეველი სიგნალი ყველასთვის, რეგიონისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის. ომი გახლავთ პოლიტიკის გაგრძელება." – თქვა ალასანიამ.

ალასანიამ ასევე აღნიშნა, ის, რაც უკრაინაში მოხდა და რაც ხდება რეგიონში რეგულარულად, დამადასტურებელია იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკა უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.

"ჩვენ გვჭირდება ერთად განვავითაროთ და გამოვიყენოთ ძალიან გონივრული ეკონომიკური სანქციები სამხედრო შემაკავებელთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აქტივები უნდა განთავსდეს არა მხოლოდ NATO-ს წევრ ქვეყნებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს შემდეგი წევრი. ვიცით, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ MAP-ი შუა ეტაპზე იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი და მესიჯი, რომელიც NATO-ს შეუძლია, გამოგზავნოს ჩვენი მისამართით", - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები