თათუხაშვილის საქმე

ადვოკატი: თათუხაშვილის საქმეზე ექპერტიზის დასკვნა გაყალბებულია

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურატურის მიერ თათუხაშვილის საქმეზე გასაჯაროვებულ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გაყალბებულად მიიჩნევს. ზაქარეიშვილი ამის საფუძვლად შალვა თათუხაშვილის მეგობრის, გიორგი ასლამაზაშვილის ჩვენებას ასახელებს.

მთავარი პროკურატურა ადვოკატის ბრალდებებს არ პასუხობს. საგამოძიებო უწყებაში ტაბულას განუცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე ექსპერტიზის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.

შალვა თათუხაშვილის მეგობარი გიორგი ასლამაზაშვილი მთავარ პროკურატურაში გუშინ 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები ძირითადად 17-დან 23 მარტამდე პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა. გიორგი ასლამაზიშვილი პროკურატურამ შალვა თათუხაშვილთან ერთად 18 მარტს ლილოში მდებარე ერთერთ ბარში დააკავა, თუმცა ისინი იმავე დღეს დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს, გარდაცვლილი თათუხაშვილის სხეულის დაზიანებების ამსახველი ახლო ხედით გადაღებული ფოტომასალა გაასაჯაროვოს. შალვა თათუხაშვილი 24 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. ოჯახის წევრების და ადვოკატის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პროკურატურის გამომძიებლების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. შალვა თათუხაშვილი ე.წ ნავთლუღის საქმის მთავარი მოწმე იყო.

კომენტარები