თათუხაშვილის საქმე

გოგი თათუხაშვილის მტკიცებით, პროკურატურამ მისი ბრალდებები დაადასტურა

for.ge

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავის განცხადებაში პროკურატურამ მისი ბრალდებები ნაწილობრივ დაადასტურა. თათუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:  

„პროკურატურამ ნაწილობრივ დაადასტურა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები.
1. რომ შალვა იყო გატაცებული დაკითხვის შემდეგ სამი მანქანით, შემდგომში ამის ,,გაპრავებას'' ცდილობენ შეთითხნილი ,,დაცვის პროგრამით'';
2. დაადასტურა, რომ შალვა არაადექვატური იყო; 
3. თავიანთი ექსპერტების მეშვეობით, დააადასტურეს, რომ სიკვდილი დადგა ტოქსიკური მოწამვლის შედეგად, რაზეც მე არაერთხელ გავაფრთხილე. 
4. დაადასტურეს, რომ შალვას სისხლში აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერებები , რომელიც გაცილებით მეტი იქნებოდა რომ გაეკეთებიათ სიცოცხლეში, როდესაც გატაცებული ჰყავდათ, ჩემი განცხადების შემდეგ. 
რეალურად, პროკურატურას ისღა დარჩა აღიაროს სად ჰყავდათ შალვა 24 თებერვლიდან 18 მარტამდე და გვიჩვენონ დაკითხვის რეალური კადრები მონტაჟის გარეშე, თარიღის, დროის, ადგილის და დაკითხვაზე დამსწრე პირების ჩვენებით“. 

შეგასენებთ, შალვა თათუხაშვილი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული ე.წ ნავთლუღის საქმის მოწმე იყო. იგი 24 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების და ადვოკატის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პროკურატურის გამომძიებლების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. პროკურატურის ვერსით, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად განვითარდა.

კომენტარები