ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ნადირაშვილი: მოვიდეს ჭიკაიძე სხდომაზე და გაამყაროს ბოდვა ფაქტებით

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, ასავალ-დასავალის სტილის ბოდვას უწოდებს. 

”ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერებულია, ყოველდღე ხდება კრიმინალური გარჩევები და მკვლელობები, მოდულის შენობის წინ აყაჩაღებენ აფთიაქებს, ჭიკაიძეს უწყებაში ჰყავს პოლიციელები, რომლებიც იპარავენ ნივთმტკიცებებს - კილოგრამობით ნარკოტიკებს, გაუხსნელია დეპუტატზე თავდასხმის საქმე, მოწმეთა პროგრამაში ჩართული ადამიანები იღუპებიან, მსოფლიო პრესაში ყოველდღე ჩნდება ანალიტიკოსების სტატიები, რომლებიც საუბრობენ, რომ გაზრდილია რუსეთის მხრიდან საქართველოზე აგრესიის საფრთხე. ამ საფრთხეს მხოლოდ ჭიკაიძე ვერ ხედავს. გარდა ამისა, ევრაზიული კავშირი აპირებს, რომ გახსნას ოფისი. ამ ფონზე, დღეს ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭმა შემოგვთავაზა სრული ბოდვა ასავალ-დასავალის სტილში. სამწუხაროა, რომ მინისტრი საფრთხეს ხედავს არა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებში, არა იმ ძალებში, ვინც არყევს საქართველოს სახელმწიფო ზოგადად, არამედ ის ხედავს საფრთხეს პროდასავლურ ოპოზიციაში. რადგან ევრომაიდანი ახსენა, ჭიკაიძეს და ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანაში ევრომაიდანს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ უკრაინაში ევრომაიდანი მოაწყო იანუკოვიჩმა, რომელმაც უღალატა თავისი ქვეყნის ინტერესებს და ჩააგდო დღეს უკრაინა იმ დღეში, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება”, - თქვა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ჭიკაიძის ადმინისტრაციას წერილს გაუგზავნის და მოითხოვს, რომ მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის სხდომას დაესწროს და ”გაამყაროს თავისი ბოდვა კონკრეტული ფაქტებით”.

”ჭორაობა ზოგადად არის ის სტილი, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა და რომლითაც ისინი მართავენ ქვეყანას უკვე ბოლო წელიწად-ნახევარია. მაგალითისთვის, თუნდაც, შეგახსენებთ ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილის მიერ გამოდგებულ ზურაბ ჟვანიას საქმეს, რომელსაც შემდეგ არანაირი კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია და ეს იყო მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვისთვის გაკეთებული. დღესაც ჩვენ გვაქვს საქმე ზუსტად იგივე მოვლენასთან, როდესაც სრული ბოდვით ასავალ-დასავალის სტილში მინისტრი ჭიკაიძე ცდილობს, გადაფაროს ის პრობლემები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე და რომელიც ქვეყანაში არის. ჩვენ არ ვაპირებთ გავყვეთ თამაშის ამ წესებს, უკვე ვამზადებთ წერილს, რომელსაც მიიღებს ჭიკაიძის ადმინისტრაცია ძალიან მალე. მოვითხოვთ, მოვიდეს მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე და კონკრეტულად მოგვიყვეს, რა იცის ამის თაობაზე და გაამყაროს თავისი ბოდვა კონკრეტული ფაქტებით. ჩვენ ამის გარდა, იმ პრობლემებზეც დავუსვამთ მინისტრს კითხვებს, რომელიც არის ზოგადად ქვეყანაში და მის უწყებაში”, - თქვა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძის თქმით, ის, რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოში არ შეიმჩნევა.

"პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც", - აცხადებს პრაიმტაიმთან ინტერვიუში შს მინისტრი და აღნიშნავს, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება.”

 

კომენტარები