ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ალასანია: სამართალდამცავთა გამძაფრებული ყურადღება აბსოლუტურად ლოგიკურია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამძაფრებული ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია, იმისი გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი დგას. 

წამყვანის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, მოახდენდა თუ არა საქართველოში მოსალოდნელი არეულობის დაანონსება გავლენას ევროპის პოზიციაზე, გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან, ალასანიამ უპასუხა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ევროპელ კოლეგებთან ნატოს სამიტის მოსამზადებელი შეხვედრისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადების პარალელურად. ალასანიას თქმით, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ჭიკაიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ახალი მაიდნის და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს, ალასანია ასე აფასებს: 

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ყურადღება, რომელიც არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, მათ შორის კონტრდაზვერვითი სამსახურებისგან, მიმართულია სწორედ, რომ საზოგადოება იყოს დაცული, იყოს უსაფრთხო, საგარეო ფაქტორებისგანაც და ეს გამძაფრებული ყურადღება აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია დღევანდელ ვითარებაში". 

ალასანიას აზრით, ღარიბაშვილი ეფექტიანად წარმართავს მთავრობას და სახელმწიფოს სრული რესურსი მობილიზებულია იქითკენ, რომ არ შეფერხდეს საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები