ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

მარგველაშვილი: რადიკალური ჯგუფების გაუვნებელყოფა სამართალდამცველების საქმეა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს, თქვა, რომ განსხვავებული აზრი დემოკრატიის, სტაბილურობის შესახებ რადიკალურ ჯგუფებს აქვთ. მისი თქმით, კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთში როგორიც საქართველოა, ასეთი ჯგუფების არსებობა ვერ გახდება პოლიტიკური. ამ ჯგუფების "გაუვნებელყოფა" კი სამართალდამცველი ორგანოების საქმეა.

"რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვაანალიზებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ესაა ორი არჩევნები, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საზოგადოებას სჯერა, რომ შესაძლებელია, დემოკრატიის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა, რომ პოლიტიკური პროცესი მხოლოდ დემოკრატიული რეჟიმია და არ აქვს ალტერნატივა. ნებისმიერი ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს დემოკრატიის, საზოგადოების, სტაბილურობის, თავისუფალი არჩევანის თაობაზე, წარმოადგენს რადიკალურ ჯგუფებს. ასეთი რადიკალური ჯგუფების არსებობა შესაძლებელია, თუმცა კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთში როგორც საქართველოა, ასეთი ჯგუფების არსებობა ვერ გახდება პოლიტიკური. შესაბამისად, ასეთი საკითხები ეხება კონკრეტულად სამართალდამცავ ორგანოებს, ამ ჯგუფების არსებობა, მათი გაუვნებელყოფა ესაა, სამართალდამცავი ორგანოების საქმე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, როგორც პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელს, შეუძლია, მხოლოდ ის თქვას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევანს და დემოკრატიულ კურსს, ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები