ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე: პროკურატურის დანაშაულს თათუხაშვილის საქმეში გამოვრიცხავ

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შალვა თათუხაშვილის საქმეში პროკურატურის დანაშაულს გამორიცხავს. მისი თქმით, თათუხაშვილის გარდაცვალება არის თემა, რომელსაც ოპონენტები პოლიტიკური კამპანიისთვის იყენებენ.

”თათუხაშვილის გარდაცვალება არის თემა, რომელსაც ოპონენტები პოლიტიკური კამპანიისთვის იყენებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მოვისმინე პროკურატურის პოზიცია, რომელიც იყო გამყარებული მტკიცებულებებით. საზოგადოება რეალობას ხედავს და არა მგონია, საბოლოოდ ამ მიმართულებით კითხვები დარჩეს. თვითონ პროკურატურას არანაირად არ აძლევდა ხელს ამ ადამიანის გარდაცვალება. პროკურატურის დანაშაულს ამ საქმეში გამოვრიცხავ”, - აღნიშნავს ჭიკაიძე.

ჟურნალისტმა ჰკითხა - თუ იკვეთება მინიმუმ დაცვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც პროკურატურამ დაუნიშნა და აღმოჩნდა, რომ გაექცათ. ჟურნალისტმა ასევე შეახსენა, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დაკავებულია იმის გამო, რომ ”მან ვერ უზრუნველყო დასაცავი ობიექტის უსაფრთხოება და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა”.

შს მინისტრმა შედარებას არასწორი უწოდა. ”ზურაბ ჟვანიას დაცვის უზრუნველყოფა იყო სავალდებულო პირადი მცველისთვის. თათუხაშვილის შემთხვევაში  არ ყოფილა პირადი დაცვა, ეს იყო მოწმის დაცვის სამსახური, რომელზეც თუ თავად დასაცავმა ობიექტმა თქვა უარი, არანაირი უფლება არ გვაქვს სავალდებულო დაცვა განვახორციელოთ მასზე. მოწმეს იძულების წესით ვერავინ დაიცავს. ჟვანიას შემთხვევაში კი დაცვას პირდაპირ ევალებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში დაეცვა ის”, - თქვა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

კომენტარები