გიგა ბოკერიას დაკითხვა

თურმანიძე: უშიშროების საბჭოში აუდიტის სამსახური პროკურატურამ შემოიყვანა

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თორნიკე თურმანიძე უარყოფს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის ინფორმაციას, რომ პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, 4 აპრილს შოთაძემ გადაცემა რეაქციაში თქვა, რომ პროკურატურაში შევიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც ეჭვქვეშ არის დაყენებული უშიშროების საბჭოს სამდივნოს მიერ განხორციელებული ხარჯები. მისი განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და დაიბარეს გიგა ბოკერია დაკითხვაზე.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის თორნიკე თურმანიძის ინფორმაციით კი, უშიშროების საბჭოში ჯერ პროკურატურა შევიდა, ხოლო შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც სწორედ პროკურატურამ შეიყვანა.

„მოვლენების ქრონოლოგია იყო ასეთი, 2012 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რამდენიმე კრიტიკული და მუქარის შემცველი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გიგა ბოკერიას მისამართით, მათ შორის, მან განაცხადა, თითქოს არსებობს კავშირი ამერიკული გამოცემა Washington Post-ის სარედაქციო წერილსა და და ეროვნული უშიშროების აპარატის გახარჯულ თანხებს შორის. ამ განცხადების შემდეგ, როგორც შემდეგ გაირკვა, მთავარმა პროკურატურამ აღძრა საქმე, 2013 წლის დასაწყისში ისინი რამდენჯერმე შემოვიდნენ ჩვენთან და წაიღეს ფინანსური და შინაარსობრივი დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა აპარატის საქმიანობას საკონსულტაციო კომპანიების საქმიანობის კოორდინაციის მხრივ. მათ ამოიღეს თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობდით მათთან. 2013 წლის მაისში უკვე შემოვიდა პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც. მათ იმუშავეს დაახლოებით ხუთი თვე და დაწერილი დასკვნა ჩვენთვის არ უჩვენებიათ" - განუცხადა თურმანიძემ ტაბულას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უშიშროების საბჭოში პროკურატურამ შეიყვანა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ შემოსულა ჩვენთან დამოუკიდებლად, ისინი შემოვიდნენ პროკურატურის თხოვნით და ემსახურებოდნენ პროკურატურას" - ამბობს  უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

მისივე თქმით, გრიფი საიდუმლო მხოლოდ საქმეს და საქმის მასალებს ადევს, ხოლო პროკურატურა და აუდიტის სამსახური როდის შევიდა და გავიდა უშიშროების საბჭოდან, ეს ყველასთვის თვალნათელი იყო და ამაში საიდუმლო არაფერი არ არის.

მთავარ პროკურატურაში კი, გამოძიების დაწყების თარიღს არ აკონკრეტებენ. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ის, თუ როდის შევიდა უწყება უშიშროების საბჭოში და ისიც, თუ როდის მიიღეს აუდიტის სამსახურის დასკვნა, გრიფით საიდუმლოა.

"საქმე გახლავთ გრიფით საიდუმლო და მე არ მაქვს უფლება, კომპეტენცია, რომ ამ საქმის გარშემო რამეზე ვისაუბრო", - უთხრა ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თეიმურაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოში პროკურატურის მუშაობის დაწყებაზე 2013 წლის ივნისში ისაუბრა, ხოლო ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ "პასკვილებზე" გიგა ბოკერიას უწყებამ 16 მილიონი დახარჯა. 

"თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - თქვა ივანიშვილმა 2012 წლის 30 ნოემბერს.

ცნობისთვის, 4 აპრილს, მოწმის სახით დაიკითხა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხეს. 

კომენტარები