NATO

რასმუსენი: NATO-ში არავის უნდა ცივი ომი, კრემლს კი უკან დაბრუნება სურს

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოცემა The Telegraph-ში წერილს აქვეყნებს. რასმუსენი მიიჩნევს, რომ როგორც 65 წლის წინ, ახლაც საშიშ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც საფრთხეები უფრო კომპლექსური და არაპრონოზირებადია. მისი თქმით, ზოგი საფრთხე ახალია - მაგალითად, კიბერ და სარაკეტო თავდასხმები. ზოგი კი ძველი: მცდელობები იმისა, რომ ძალისგამოყენებით საზღვრები ახლიდან დაიხაზოს. ”ის, რაც არ შეცვლილა, არის NATO-ს ვალდებულება, დაიცვას ფუნდამენტური ფასეულობები და მიზნები. ჩვენი სლოგანია: ყველა ერთისათვის, ერთი ყველასთვის”, - წერს რასმუსენი წერილში.

”ჩვენი სოლიდარულობა მკაფიოა რუსეთის არალეგალური აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის მუდმივი დარღვევის მიმართ. მადლობა ყველა მოკავშირეს, რომ გვყავს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ორჯერ მეტი საბრძოლო თვითმფრინავი. ვპატრულირებთ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში და ვართ შავი ზღვის რეგიონში.

ჩვენ გაერთიანებული ვართ იმისთვის, რომ შევაჩეროთ საფრთხეები და დავიცვათ ნებისმიერი მოკავშირე ნებისმიერ დროს. ჩვენ გავაძლიერეთ უკრაინისა და რეგიონის სხვა პარტნიორების მხარდაჭერა. შევაჩერეთ რუსეთთან თანამშრომლობა. აღარ გვექნება ისეთი საქმიანობა მასთან, როგორც ჩვეულებრივ გვქონდა”, - წერს რასმუსენი.

ალიანსის გენერალური მდივანი წერს, რომ NATO-ში ცივი ომის დაბრუნება არავის სურს, თუმცა, კრემლს დროის უკან დაბრუნება და ევროპის დაყოფა სურს.

”NATO-ში არავის უნდა ცივი ომის დაბრუნება, მაგრამ ვხედავთ, რომ კრემლს დროის უკან დაბრუნება და ევროპის დაყოფა სურს. უნდა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები, რაზეც ავაგეთ ახალი და უკეთესი ევროპა, ასევე უნდა დავიცვათ საერთაშორისო წესების სისტემა, რომელმაც გაამყარა კეთილდღეობა და მოვლენების წინასწარ პროგნოზირების საშუალება”, - წერს რასმუსენი.

რასმუსენი მიიჩნევს, რომ უელსის სამიტი, რომელიც უელსში სექტემბერში გაიმართება, იქნება ”მნიშვნელოვანი შეკრება მნიშვნელოვან დროს”, რა დროსაც ალიანსი დარწმუნდება, რომ ”ვრჩებით ძლიერები, აქტიურები კრიზისების მართვაში და ჩვენს პარტნიორების გვერდით მთელი მსოფლიოს გარშემო”.

რასმუსენის შეფასებით, NATO-ს ყველა მოკავშირეს სჭირდება მისი შესაძლებლობების მიხედვით საჭირო რესურსების ინვესტირება. რაც მოიცავს თანამედროვე აღჭურვილობას, ძალების ინტენსიურ წვრთნებს და NATO-ს წევრ ქვეყნებისა და პარტნიორების ახლო თანამშრომლობას.”მე ვიცი, როგორი გამოწვევაა ეს დღევანდელ ეკონომიკურ კლიმატში, მაგრამ უსაფრთხოების კლიმატი მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის”, - აღნიშნავს რასმუსენი.

წერილში რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ ახლა NATO უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერ დროს მისი არსებობის განმავლობაში.

”65 წლის წინ NATO დაიბადა საშიშ სამყაროში. როდესაც ევროპაში საბჭოთა აჩრდილი იყო მოდებული, 12 ერი მიმართული იყო ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობისკენ. ისინი ერთად იდგნენ, რათა დაეცვათ საკუთარი უსაფრთხოება. ესენი იყვნენ ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ნებისმიერ ქვეყანას უნდა დაეცვა დაპირება: შეტევა ერთ ქვეყანაზე, ნიშნავს ყველა ქვეყანაზე შეტევას.

ახლა NATO არის უნიკალური კომბინაცია სამყაროს უძლიერესი დემოკრატიების ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურით, პერმანენტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესითა და 40-ზე მეტი პარტნიორით მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს არის ის, სადაც ევროპელები და ჩრდილო ამერიკელები განიხილავენ, წყვეტენ და მოქმედებენ ყოველდღიურად უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას შეშფოთებას იწვევს.

ბევრი ვისწავლეთ გასული 20 წლის ოპერაციებისგან, რომლებიც გამოწვევები იყო - ავღანეთიდან დაწყებული კოსოვოთი დამთავრებული, ლიბიიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული. ჩვენ ვართ უფრო ეფექტური, ვიდრე NATO-ს არსებობის ნებისმიერ დროს”, - წერს რასმუსენი.

ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, NATO-მ ჩააბარა წარსულის გამოცდა, ”მზად ვართ, ვიბრძოლოთ მომავლისთვის”.

კომენტარები