გიგა ბოკერიას დაკითხვა

გიგა ბოკერია: პროკურატურა არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივნის საერთაშორისო საკითხებში, გიგა ბოკერიას, დაკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურამ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბოკერიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება მოხდა მისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. 

ბოკერიას დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა და 20:00 საათზე დამთავრდა. 

გიგა ბოკერიამ დაკითხვასა და საქმის დეტალებზე რუსთავი2-ზე, თოქშოუ პოზიციაში ისაუბრა. 

ბოკერიამ განაცხადა, რომ დაკითხვისას მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გააჟღერეს მისი მიმართულებით ბრალდებები ეროვნული საბჭოს მიერ გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაკითხვაც ამ მიმართულებით წარიმართა. მისთვის გაუგებარია, რატომ აღიქვამს ხელისუფლება საბჭოს მიერ უსაფრთხოების პოლიტიკაზე გაწეულ ხარჯებს არამიზნობრივად და უკანონოდ და აცხადებს, რომ ზოგადად მისი პროკურატურაში დაბარება მეათეხარისხოვანი პრობლემაა იმ საერთო ფონთან და კონტექსტთან შედარებით, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვითარდება საქართველოში. 

ბოკერია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ ჰქონდა რამდენჯერმე დაანონსებული. ერთერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ივანიშვილმა ბოკერიას ვაშინგტონ პოსტის ლობირებაში დასდო ბრალი, სადაც კრიტიკული სტატია დაიბეჭდა საქართველოს მოქმედი მთავრობის მისამართით. 

უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივნის თქმით, მისი დაკითხვა პროკურატურის მიერ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება იყო და რომ ის რესურსები, რომელსაც პროკურატურა უნდა ხარჯავდეს კრიმინალთან ბრძოლაში, მიმართულია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და მმართველი პარტიისთვის დისკომფორტის შემქმნელი პირებისა თუ გაერთიანებების პოლიტიკური დევნისა და შევიწროებისკენ. 

ბოკერიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას ოპონენტების დევნასა და ოპოზიციური პარტიების განადგურებაზე, არამედ მიმართული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრისაკენ, რადგან ისინი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას მაინც ვერ მოახერხებენ, ქვეყანას კი ზიანს მიაყენებენ. 

წამყვანთან საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი რითიც შეიძლებოდა აეხსნა მისი ამ კონკრეტულ და არა სხვა რომელიმე დღეს დაკითხვაზე დაბარება, უკვე არსებული წიკლაურისა და თათუხაშვილის საქმეებზე დამთხვევა იყო. 

ბოკერიამ თათუხაშვილის საქმეზეც გააკეთა კომენტარი და გამთქვა მოსაზრება, რომ მაშინ როდესაც ოპოზიცია პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, ყველაზე ლოგიკური საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა იქნებოდა.

ბოკერიას საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს

კომენტარები