შალვა თათუხაშვილის საქმე

ომბუდსმენი: პროკურატურის და თათუხაშვილის ოჯახის ინფორმაცია წინააღმდეგობრივია

სახალხო დამცველი პროკურატურისა და შალვა თათუხაშვილის ოჯახის განცხადებებს შორის წინააღმდეგობებს ხედავს. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე დასკვნების გაკეთება ნაადრევია. როგორც ნანუაშვილმა თელეთში, შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, სააპარლამენტო კომისიის შექმნა სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ არის მიზანშეწონილი.

"ვაგრძელებთ ამ საკითხების შესწავლას. იმისთვის, რომ გვქონდეს სრული სურათი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ოჯახის წევრებთან გასაუბრება. ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისარგებლებთ ოჯახის მოწოდებული ინფორმაციით. ჩვენს დასკვნაში კი, ასახული იქნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიცით" - თქვა ომბუდსმენმა.

დღეს ცნობილი გახდა შალვა თათუხაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის შედეგები. ალექსანდრე გეჯაძის მიერ შედგენილ დასკვნაში წერია, რომ "თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების არაერთჯერადი მოქმედებით".

"მკვრივ ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსინტენციის და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვ" - ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი იგეგმება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გარდაიცვალა. მისი ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, თათუხაშვილი ორჯერ გაიტაცეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა და მოახდინეს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ მიზნით, რომ გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა ახალაიას წინააღმდეგ. თათუხაშვილის ადვოკატმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ასევე, გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც იგივე დაზიანებებია აღწერილი. ოჯახისა და ადვოკატის გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტყუილად და უწყების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა ითხოვა. თუმცა, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ოქმზე, რომელიც პროკურატურამ თათუხაშვილის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, თავად თათუხაშვილის ხელმოწერა არ არის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები