შალვა თათუხაშვილის საქმე

შოთაძე: თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის საგანგებო ბრიფინგის შემდგომ, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ, იმედის ეთერში ვრცელი ინტერვიუ მისცა თოქშოუ რეაქციას წამყვანს. 

შოთაძე შეეხო თათუხაშვილის საქმესთან არსებულ სხვადასხვა ასპექტს. მისი აზრით საქმის გარშემო ატეხილი ხმაური მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა ოპოზიციის მხრიდან, რათა თათუხაშვილის საქმე გამოყენებული იყოს პროკურატურის დისკრედიტაციისთვის. ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას შოთაძე შეეხო წიკლაურის საქმეს და განმარტა, რომ პარლამენტარის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აღძრულია საქმე და საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა, მიუხედავად იმისა, რომ წიკლაურის საქმე პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულს არ წარმოადგენს.

შოთაძის თქმით დაკითხულია ათეულობით მოწმე, მიმდინარეობს სატელეფონო ჩანაწერების ამოღება და პროკურატურა აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას. 

პროკურორის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა თათუხაშვილის საქმეში არსებულ დეტალებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თათუხაშვილის საქმეში კითხვის ნიშნები აღარ არსებობს და ყველაფერი ნათელია სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით დაწერილი დასკვნის შედეგად, სადაც ექპსერტის მიერ ხდება თათუხაშვილის სიკვდილის ზუსტი მიზეზის აღწერა და სხეულზე მიღებული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა. 

შოთაძისთვის გაუგებარია ის ფაქტიც, თუ რატომ უცხადებს გარდაცვლილის ოჯახი მის უწყებას უნდობლობას. მისი თქმით, თათუხაშვილის საქმეში დაფიქსირდა ურეცედენტო გახსნილობა, როდესაც საქმის მიმდინარეობის პროცესში მოხდა ჩვენებებისა და ექპსერტიზის დასკვნის გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, საქმის გარშემო ატეხილ ხმაურს ისევ და ისევ პოლიტიკურ სპეკულაციას უკავშირებს და მიაჩნია, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თათუხაშვილის საქმის გარშემო შექმნილი აურზაურის ხარჯზე სურს გადაფაროს გირგვლიანის მკვლელობის და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები. 

შოთაძემ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ექსპერტ გეჯაძეს დაკვნა არ გაუკეთებია უშუალოდ გვამთან მუშაობის შედეგად. მან ექსპერტიზისთვის გამოიყენა თათუხაშვილის ადვოკატის სიტყვიერი აღწერა და ფოტოსურათები, რაც საშუალებას არ იძლევა დასკვნა იყოს სრულყოფილი და სიღრმისეული, დადგინდეს ფიზიკური დაზიანებების ტიპი, ხანდაზმულობა და ლოკალიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ გეჯაძეს ხელთ არ ჰქონდა არც ბიოლოგიური მასალა და არც პირადი შეხება გვამთან, მისი დასკვნა მხოლოდ ვარაუდის დონეზე რჩება. 

მან ასევე დაამატა, რომ იმისი გათვალისწინებით, რომ ადვოკატი საერთოდ არ იყო დაინტერესებული თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზით და ძირითად აქცენტს არსებულ დაზიანებებზე აკეთებდა, და რომ გამორიცხული არ არის ადვოკატიც საქმით პოლიტიკურ სპეკულირებას ცდილობდეს. 

პროკურატურამ შეასრულა დანაპირები და გაასაჯაროვა იმ დეტალური ექსპერტიზის შედეგები, რომელიც თათუხაშვილის გვამს ჩაუტარდა გარდაცვალებიდან 6 საათის განმავლობაში ყველანაირი პროცედურის დაცვით - ამბობს შოთაძე. მან აქვე აღნიშნა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია იყო. მის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 5%-ს შეადგენდა, 4% კი უკვე ლეტალური ნიშნულია. რაც შეეხება სხეულის დაზიანებებს, შოთაძის თქმით, მათ სიკვდილის დადგომასთან კავშირი არ აქვთ და ექსპერტიზის შედეგად დამტკიცდა, რომ დაზიანებების ხანდაზმულობა არ აღემატება სიკვდილამდე 1-2 დღეს. იქიდან გამომდინარე, რომ თათუხაშვილის სიკვდილის დრო განისაზღვრა 23 მარტის ღამის 11 საათი, შეუძლებელი იყო, რომ მას დაზიანებები პროკურატურის თანამშრომლებისგან მიეღო, რადგან გარდაცვლილის მათთან ბოლო შეხვედრა 18 მარტით თარიღდება - განმარტა პროკურორის მოადგილემ ჟურნალისტთან საუბრისას. 

პრკურატურის ექსპერტიზის შედეგებშიც, შოთაძის თქმით, დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნით, თუმცა აქვე ამატებს, რომ ბლაგვი საგნის განმარტება საგამოძიებო ექსპერტიზის ტერმინოლოგიაში საკმაოდ ფართოა და გარდა მუშტისა, მოიცავს მაგიდას, სკამს, ასფალტს და ა.შ. გარდა ამისა, პროკურატურის ვერსიით, თათუხაშვილის სატელეფონო სიგნალი, იმ დროისთვის რომლისთვისაც განისაზღვრა სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა, ფიქსირდება თელეთის ანძაზე, რაც შეუძლებელს ხდის დაზიანებები მიყენებული იყოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ. 

შოთაძემ განაცხადა, რომ თათუხაშვილის საქმეში არანაირი გაურკვევლობა აღარ არსებობს, რადგან მისი სიკვდილის მიზეზი ცალსახად არის გამოძიებული სამედიცინო ექსპერტიზის მიერ, მეცნიერულ მეთოდზე დაყრდნობით. გარდა ამისა, პროკურატურის შენობაში ყოველი წუთის ფირზე აღბეჭდვა ხდება, ასე რომ, პროკურორის მოადგილის თქმით, შეუძლებელია მოწმის წამება შეუმჩნეველი დარჩენილიყო და მისი აზრით, როდესაც გარკვეული ინდივიდები პროკურატურას მოწმის წამებაში ადანაშაულებენ, პირველ რიგში საქმის გამომძიებლების, ძნელაშვილისა და გილაურის, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.  

კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო მოწმის ძებნა პროკურატურამ, როდესაც იგი გაუჩინარდა, შოთაძემ უპასუხა, რომ მოწმის დაცვის ოპერაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება თვითონ მოწმის თანხმობით. ის ფაქტი, რომ მოწმე ადგილზე არ იმყოფებოდა, ნიშნავს რომ სპეციალური დაცვის ღონისძიება ვერ განხორციელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს პროკურატურისთვის არ მიუმართავს თხოვნით სპეციალური სამძებრო სამუშაოების დაწყების შესახებ, პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მაინც ეძებდა დაკარგულს - ამბობს შოთაძე - და სწორედ ამიტომ დაუკავშირდა პოლიცის თანამშრომელი, რომელმაც თათუხაშვილი ბართან იპოვა, პროკურატურას და არა რომელიმე სხვა უწყებას.

 

კომენტარები