შალვა თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის ადვოკატი: პროკურატურის გამოქვეყნებული ექსპერტიზა გაყალბებულია

for.ge

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, პროკურატურის მიერ თათუხაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია. ამასთან, მისივე განცხადებით, შალვა თათუხაშვილზე განხორციელდა ფსიქოტროპული მედიკამენტოზური ზემოქმედება, რადგან ,პროკურატურის დასკვნის მიხედვით, სისხლში აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერებები (ნორდაზეპამი, დიაზეპამი, ტაზეპამი). ადვოკატის თქმით, აღნიშნული პრეპარატების კომბინაცია არის იმ ფსიქოტროპული სუბსტანციის კომპონენტი, რომელსაც პიროვნების ნებაზე კონტროლის მოსაპოვებლად იყენებენ.

"თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ვიზუალური მოცემულობა, ზუსტად ემთხვევა დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის, ალ. გეჯაძის მიერ დაზიანებების დროში განსაზღვრულ მოცემულობას. უტყუარად ირკვევა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია დაზიანებების ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც. (1 – 2 – 3 დღე). პროკურატურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზად დასახელებულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად – ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ცნობილია, რომ სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ადგილი აქვს თავის ტვინის ჰიპოქსიას და იშემიის მკვეთრად გამოხატული ნიშნებს, ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს დასკვნაში აღწერილი აქვს „ნორმალური ტვინის“ მოცემულობა. ამდენად, ექსპერტის მიერ მოცემული თავის ტვინის გამოკვლევის აღწერილობა, სრულად გამორიცხავს სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად გამოწვეულ თავის ტვინის პათოლოგიურ ცვლილებებს", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, პირადად ესწრებოდა გვამის გაკვეთას და არც თავის ტვინის, არც ფილტვის და არც სხვა ორგანოთა შეშუპება თუ სხვა პათოლოგიური ცვლილება (გარდა ოპერაციის შემდგომი ძველი შეხორცებებისა) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს გ. ოქრუაშვილს არ დაუფიქსირებია. 

"გარდა ამისა, განვმარტავ, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, დაძინებიდან მალევე. შ. თათუხაშვილის გარდაცვალება დაფიქსირდა 23 მარტს დაახლოებით 23:00 საათზე. ოჯახის წევრთა განმარტებით, აგრეთვე მოწმე გიორგი ასლამაზიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა მძინარე მდგომარეობაში მარცხენა მკლავის მხარეს გვერდულად მწოლიარე მდგომარეობაში. საწოლი, რომელზეც თათუხაშვილს ეძინა, იდგა საცხოვრებელი სახლის მცირე სამზარეულოში, სადაც ღუმელთან საუბრობდნენ ოჯახის წევრები და სტუმრად მოსული ახლობლები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გიორგი ასლამაზაშვილი მიუახლოვდა შ. თათუხაშვილის საწოლს და შეეცადა მის შეღვიძებას, რა დროსაც გადმოაბრუნა და ნახა, რომ თათუხაშვილს გალურჯებული ჰქონდა ზედა ტუჩი. მას მძინარე ადამიანის მდგომარეობა ბუნებრივად არ მოეჩვენა, მიხვდა, რომ შალვა ცუდად იყო და ატეხა ყვირილი დასახმარებლად. შ. თათუხაშვილს ოფლიანი ჰქონდა კისერი და გულ-მკერდი, სიცოცხლის ნიშან-წყალი კი არ ეტყობოდა. მოწმე გ. ასლამაზაშვილის განმარტებით, მას არ შეუმჩნევია მძინარე შ. თათუხაშვილის შფოთვა, გახშირებული სუნთქვა ან გაძნელებული სუნთქვის რაიმე სპეციფიკური ნიშანი. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ შალვა თათუხაშვილს ასეთი სიმპტომები რომ ჰქონოდა, ისინი უსათუოდ შეამჩნევდნენ. ოჯახის წევრთა განმარტებით, შ. თათუხაშვილმა დაძინებამდე, სწრაფი ძილის მოგვრის მიზნით, მიიღო მხოლოდ 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, მანამდე კი მას ალკოჰოლი მიღებული არ ჰქონდა და მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში", - აცხადებ ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ დასკვნაში დაფიქსირებული „ალკოჰოლის დოზა“ 5 პრომილე („სასიკვდილო დოზა“ 4 – 5 პრომილე) აშკარად მომატებული და შეცვლილია", - აცხადებს ადვოკატი.

კომენტარები