სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

შოთაძე: შევეცდებით, სააკაშვილის გარეშე მოვიპოვოთ საქმეში მტკიცებულებები

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მისი თქმით, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოძიება გაგრძელდება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ სააკაშვილს დისტანციური წესით დაკითხვა, მან უარი განაცხადა. ამიტომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით, სააკაშვილის გარეშე მოვიპოვოთ საქმეში მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება ყველა ჩამოთვლილ საქმეზე, რათა დავადგინოთ ობიექტური ჭეშმარიტება. პირის პასუხისგებაში მიცემა და შემდგომ ძებნაზე დაყენება ხდება მხოლოდ მისი ბრალდების შემდეგ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე”, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ ათ საქმესთან დაკავშირებით დიბარა დაკითხვაზე. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში 28 მარტს, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც იქამდეც რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ს მეშვეობით. ყოფილმა პრეზიდენტმა ამაზეც უარი თქვა, თუმცა, მოგვიანებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას SKYPE-ს მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები