თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის ძმა: აშკარაა, რომ ჩემი ძმა ჩვენებას აძლევდა ზეწოლის ქვეშ

შალვა თათუხაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც მისი დაკითხვაა ასახული, ეჭვქვეშ აყენებს. დღევანდელ ბრიფინგზე შალვა თათუხაშვილის ძმებმა, გიორგი და მიშა თათუხაშვილებმა თქვეს, რომ მათი ძმა ჩვენების მიცემის დროს ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

"აშკარაა, რომ ჩემი ძმა ჩვენებას აძლევდა ზეწოლის ქვეშ. როგორც მასალებიდან ჩანს, ჩემი ძმა ამბობს, რომ 25 თებერვალს გადაძვრა ფანჯრიდან, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ჩვენ პირველ სართულზე გვაქვს უძრავი ე.წ. გისოსები. ვიდეოჩანაწერის დროს იგი არ იყო შალვა თათუხაშვილი, რაც სინამდვილეში. აშკარად ზეწოლის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა", - თქვა გიორგი თათუხაშვილმა.

გიორგი თათუხაშვილის თქმით, 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ, როდესაც შალვა თათუხაშვილმა პროკურატურა დატოვა, მის ძმებს მისი სახლში წაყვანის უფლება პროკურატურის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათ უთხრეს, რომ მოწმის სახლში წაყვანა პროკურატურის ვალი იყო.

მიშა თათუხაშვილის თქმით კი, სახლში მისვლის შემდეგ შალვა თათუხაშვილმა ოჯახის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"როდესაც მოიყვანეს შალვა, გვითხრა: ძალიან ფრთხილად ვიყოთ, ყველას გვემუქრებიან, ბავშვებს გაუფრთხილდითო. მე შეიძლება დამიჭირონ, ციხეში ჩამსვან და მითხრეს, ციხეში გაიგებ, შალვა თათუხაშვილო, შენი ოჯახის წევრები როგორ ნელ-ნელა იღუპებიან ან რაღაც მოსდით", - აღნიშნა მიშა თათუხაშვილმა.

თათუხაშვილების ოჯახის წევრები ასევე უნდობლობას უცხადებენ იმ ორ ადვოკატს, რომლებიც დაკითხვაზე შალვა თათუხაშვილს თან ახლდნენ.

კომენტარები