ევროკავშირმა მოლდოვას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა

trm.md

ევროკომისიის წინადადებას მოლდოველებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, დღეს ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 28 აპრილს შევა. ევროკომისრის შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომის თქმით, მოლდოვის მოქალაქეებს, ვისაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, აღარ დასჭირდებათ შენგენის ვიზა მოკლევადიანი ვიზიტისთვის.

”თვის ბოლომდე მოლდოვის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ აღარ დასჭირდებათ შენგენის ვიზა მოკლევადიანი ვიზიტისთვის. ეს არის კარგი მიღწევა და ჩვენს ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისი. სავიზო რეჟიმზე დიალოგი მოლდოვასთან 2010 წლის ივნისში დავიწყეთ და 4 წელიწადზე ნაკლებ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობა ვიზის გარეშე მოლდოვის მოქალაქეებისთვის რეალობა გახდება”, - თქვა მალმსტრომმა.

მალმსტრომის განცხადებით, მოლდოველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შენგენის ზონაში იმის დემონსტრირებაა, რომ მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევა დაფასდა.

”შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტი ხელს შეუწყობს ადამიანთა კონტაქტს და ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირსა და მოლდოვას შორის.
ეს არის ბრწყინვალე მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ეს არის ჩვენება იმისა, რომ ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება და რეფორმების ეფექტურად გატარება საგრძნობ შედეგებს მოიტანს”, - თქვა მალმსტრომმა.

კომენტარები