ზურაბ ჟვანიას საქმე

ბარამიძე: მზად ვარ, იმუნიტეტი არ გამოვიყენო და ჟვანიას საქმეზე დავიკითხო

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მზადაა, სადეპუტატო იმუნიტეტი არ გამოიყენოს და ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ ბარამიძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ზურაბ ჟვანიას საქმე ამ ხელისუფლების მიერ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ, როგორც წესი, არჩევნების წინ აქტიურდება ხოლმე და ამჯერად, ვითომდა ვინმე ჰაკიმ ფაშას მიერ გამოგდებული, საქმეში არსებული ფოტოების გამოქვეყნებით კვლავ სკანდალის საფუძველი გახდა.

მინდა, გამოვხატო ჩემი დიდი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება. ხელისუფლებას სურს, რომ ეს საქმე მუდმივად ჰაერში გამოკიდებული იყოს და მოსახლეობას ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივად კითხვის ნიშნები ჰქონდეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ეს საქმე დროულად, ბოლომდე გამოიძიონ და საზოგადოებამ სრული სიმართლე გაიგოს.

"დღემდე არავის უთხოვია ჩემთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ მე რაიმე ინფორმაცია ვიცი, მივაწოდო ეს ინფორმაცია. რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოძიებამ  ვერ მონახა დრო იმისთვის, რომ ჩემთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვა ნებისმიერი ფორმით დაესვათ. მე დღესაც ვაცხადებ, რომ მზად ვარ, არანაირი ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ გამოვიყენო იმისთვის, რომ გამოძიებამ მიიღოს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ მე და ნებისმიერი ჩვენგანი, რომ ეს საქმე დროულად იქნას შესწავლილი და ხალხმა სიმართლე იცოდეს", - აღნიშნა ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

ამასთან, 21 მარტს, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

კომენტარები