NATO-ს მინისტერიალი

რასმუსენი: ოპოზიციასა და მთავრობას შორის კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა იყოს

facebook.com/andersfoghrasmussen

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის მეორე დღე NATO-საქართველოს კომისიის სხდომით გაიხსნა. კომისიის სხდომის გახსნისას, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა. რასმუსენის თქმით, იმ ფონზე რაც უკრაინაში ხდება, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რასმუსენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ თავდაცვისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა.

"თქვენ შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ თქვენს ამბიციურ დემოკრატიულ და სამხედრო რეფორმებში. შემდგომი პროგრესი მოითხოვს, რომ იყოს მდგრადი კონსტრუქციული ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ახალი ქვაკუთხედი, ახალი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომწიფებული დემოკრატიის გზაზე მდგარი საქართველოსთვის. საქართველო გახდა მოდელი მთელი რეგიონისთვის. ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ქვეყანა, რომელიც ატარებს რეფორმებს. ქვეყანა, რომელსაც აქვს სუვერენული არჩევანი ევროინტეგრაციისკენ." - თქვა რასმუსენმა.

"საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია" - ეს განცხადება NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. დიპლომატების თქმით, ორგანიზაციას საქართველოსთან მიმართებაში პოზიცია არ შეუცვლია. თუმცა, უფრო კონკრეტულად თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს NATO საქართველოსთან მიმათებაში ცნობილი მომდევნო მინისტერიალზე გახდება, რომელიც სამ თვეში ბრიუსელში გაიმართება.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანს ტიმერმანსის თქმით, "ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ არსებობს პოლიტიკის შეცვლის საჭიროება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც NATO-ს წევრობისკენ მიისწრაფიან. ჩვენ ერთგული ვრჩებით მოთხოვნების მიმართ და საქართველოზეა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მათი შესრულება".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით კი, "დღეს ჩვენ არ განვიხილავთ უკრაინის კრიზისს. მთავარი თემა საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მსგავსი სცენარი ჩვენ 2008 წელს საქართველოშიც ვიხილეთ. ვითარება ორივე ქვეყანაში თითქმის ანალოგიურია. ვფიქრობ, NATO-მ კონფლიქტების მიმართ ერთობლივი მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს."

NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს ორმხრივი შეხვედრისას მაია ფანჯიკიძემ და ანდერს ფოგ რასმუსენმა. ქართული დელეგაცია ISAF-ის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას. მაია ფანჯიკიძე შევხდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც.

კომენტარები