შალვა თათუხაშვილის საქმე

კობახიძე: პროკურატურა თავად არის დაინტერესებული გამოიძიოს თათუხაშვილის საქმე

news.ge

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პროკურატურა თავად არის დაინტერესებული შალვა თათუხაშვილის საქმის გამოძიებით. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაზე, რომელიც თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

"რეგლამენტის თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ ეს საკითხი დღის წესრიგში შევიტანოთ. პარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენად მიზანშეწონილია საგამოძიებო კომისიის შექმნა. თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც დაწყებულია. მთავარი პროკურორი ამ საქმეზე ინტენსიურად მუშაობს და ექსპერტიზაც დანიშნულია. ვფიქრობ, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვის შეტანა არ არის სწორი, ვინაიდან ადამიანი, როგორც ჩანს, იყო პროკურატურის მოწმე ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. პროკურატურა თავად არის დაინტერესებული გამოიძიოს ეს საქმე, რადგან მნიშვნელოვანი მოწმის გარდაცვალების ფაქტი, პირველ რიგში, პროკურატურას უნდა აწუხებდეს“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

შალვა თათუხაშვილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურის მოწმე იყო. ის 24 მარტს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას გული გაუჩერდა.

ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის ცხედრის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებები აღენიშნება. ოჯახის წევრების განცხადებით, თათუხაშვილი სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და გამომძიებლების მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.

მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, შალვა თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. უწყების მტკიცებით, თათუხაშვილის სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა.

"მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მოეხსნა დანიშნული დაცვა", - აცხადებს პროკურატურა

ამასთან, დღეს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე შედგენილი ოქმი გაასაჯაროვა. ადვოკატის ინფორმაციით, ოქმი დავით ძნელაშვილმა იმის დასადასტურებლად შეადგინა, თითქოს შალვა თათუხაშვილმა თანხმობა განაცხადა მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვაზე.

"ხსენებული ოქმი ხელმოწერილია გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ, ხოლო "დასაცავი პირის" შალვა თათუხასვილის ხელმოწერა ოქმზე არ აღინიშნება. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში მოწმის ჩართვას – დასაცავი პირის თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა შალვა თათუხაშვილს მიცემული არ აქვს. ზემოაღნიშნულით როგორც მინიმუმ დასტურდება, რომ განხორციელდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რაც გამოყენებული იქნა შალვა თათუხაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესანიღბად", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები