NATO-ს მინისტერიალი

ნატო რუსეთთან სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობას წყვეტს

ნატოს გადაწყვეტილებით ყირიმში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ რუსეთთან ყოველგვარი პრაქტიკული სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობა შეწყდება, რაც სავარაუდოდ ავღანეთში რუსეთისა და ნატოს სამხედრო თანამშრომლობაზე და საერთო წვრთნებზეც იმოქმედებს, თუმცა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება. ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მოლაპარაკებები კონფლიქტის რეზოლუციის საუკეთესო საშუალებაა. 

"რუსეთმა საკუთარი ქმედებებით შელახა ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ეყრდნობა და დაარღვია ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც აღებული ჰქონდა.აქედან გამომდინარე ჩვენი თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება" - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთანავე, 2014 წლის ზაფხულში უკრაინაში ნატო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ 235-ით 0-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ახალი კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ უკრაინის საზღვრებს შიგნით სამხედრო წვრთნების ჩატარება. უკრაინა სამხედრო წვრთნებისას ასევე გეგმავს თანამშრომლობას პოლონეთთან, მოლდავეთსა და რუმინეთთან. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო კოვალმა, განაცხადა, რომ ეს უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის განვითარების კარგი შესაძლებლობაა. 

ნატო და უკრაინა ასევე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, სადაც განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმას უკრაინიაში თავდაცვის რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით.ნატოს წევრი ქვეყნები, თავის მხრივ, კიევში დამატებით ექსპერტებს მიავლენენ სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. 

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ნატოს მინისტერიალი 1-2 აპრილს ბრიუსელში შეხვდება. შეხვედრას 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება და არსებული სიტუაციის გადაწყვეტის გზებს განიხილავს. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება. ბრიუსელის მინისტერიალი პირველი მსგავსი ტიპის შეხვედრაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. 

კომენტარები