თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ნუგზარ წიკლაურს ექსპერტიზა უტარდება

რუსთავი 2

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს ექსპერტიზა უტარდება. წიკლაური საკუთარი სახლიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რეანომობილით გადაიყვანეს. დეპუტატის თქმით, მას აქვს ტვინის შერყევა, ასევე, ელექტროშოკით მიყენებული დაზიანებები - ხელებსა და ფეხებზე. 

"ექსპერტიზაზე მივდივარ პროკურატურის მოთხოვნით, ეს აუცილებელი პროცედურაა, რათა ყოველგვარი ინსინუაციები გამოირიცხოს გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. დეტალურად აღვწერე ყველაფერი, 8 ადამიანი დამესხა თავს. მათი მთავარი ამოცანა იყო ჩემი მანქანაში შეტენვა და გატაცება. ბრძოლის დროს ეს ყველაფერი დაინახა მეზობელმა, დაიწყო ყვირილი. ყვირილის შემდეგ ისინი გაიქცნენ. სახეები ჰქონდათ დაფარული. ერთნაირად იყვნენ ჩაცმულები და მოქმედებდნენ ძალიან ორგანიზებულად. ერთი, რაც თქვეს, მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში იყო ის, რომ ვერ ჩამტენეს მანქანაში და გამოეყენებინათ ელექტროშოკი. ამის გაგონების შემდეგ, ჯერ თავში, შემდეგ კი მარჯვენა ფეხზე ვიგრძენი დენის დარტყმები", - განაცხადა წიკლაურმა.

მისი მტკიცებით, თავს თათუხაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო დაესხნენ. წიკლაური ამბობს, რომ მან ის გვარები დაასახელა, ვინც სიკვდილამდე მიიყვანა თათუხაშვილი.

"ესენი არიან: ბლუაშვილი, გილაური და მათი ფიქტიური მმართველი ფარცხალაძე. ასეთი ლაჩრული თავდასხმით მე ჩემს შეხედულებებს ვერ შემაცვლევინებენ და უკან ვერ დამახევინებენ. არსებობს უამრავი ფაქტობრივი გარემოება და იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე არ იქნა გამოძიებული, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დავაკისრებ", - განაცხადა წიკლაურმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გუშინ მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დღეს საკუთარ სახლში დაკითხეს.

კომენტარები