NATO-საქართველოს ურთიერთობა

ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო NATO-ს წევრობის კანდიდატია

თბილისში ვიზიტად მყოფი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის სოლვიტა აბოლტინას თქმით, საქართველო NATO-ს წევრობის კანდიდატია. ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს და პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება შეაფასეს. სოლვიტა აბოლტინამ და დავით უსუფაშვილმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინის კრიზისზეც იმსჯელეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას, მათ შორის, თქვენს NATO-ში გაწევრიანების მცდელობას და ამისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას. პრეზიდენტ ობამას განცხადება ასახავს ფაქტს, რომ საქართველო ამ მომენტისთვის MAP-ის მინიჭებისკენ ისწრაფვის და არა ალიანსში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ დისკუსია NATO-ს წლევანდელ სამიტზე გაიმართება, ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. მე არ მსურს საუბარი, მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს. ეს არის ალიანსის გადასაწყვეტი.

NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ისევ ძალაში რჩება. როგორც ჩემთვის ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა შეასწორა თავისი პოზიცია. როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი, გარწმუნებთ, რომ საქართველო NATO-ს წევრობის კანდიდატია და ეს ასახულიცაა ალიანსის დოკუმენტებში. ხვალ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების საკითხს. მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის, NATO-სა და, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებას. საქართველოს კვლავაც ჰყავს მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ მის ალიანსში ინტეგრაციას", - აღნიშნა სოლვიტა აბოლტინამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ახლა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე არ დგანან. ბარაკ ობამამ NATO-ს გაფართოების გეგმებზე ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან ერთობლივი ბრიფინგისას ისაუბრა.

 

 

კომენტარები