თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

კალაძე: ცუდია, რომ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის  და ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ. როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნული ფაქტი ისე უნდა გამოიძიონ, რომ საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს.

„ეს შეიძლება, რაღაც გაუგებრობა იყოს ადამიანებს შორის, იგივე შეიძლება ბატონ წიკლაურს  რაღაც გაუგებრობა ჰქონდა, შეიძლება პირადიც ყოფილიყო. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს. თუმცა, ასეთი ფაქტები წარსულშიც გვახსოვს, ხდებოდა, მაგრამ გამოძიების შედეგად დგინდებოდა, რომ ეს არანაირი  პოლიტიკური დაკვეთა არ იყო. ამიტომ, კარგი იქნება, გამოძიებას დაველოდოთ“, - განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები