თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

უსუფაშვილი: პარლამენტის წევრის ცემა სრულიად მოუთმენელია

David Usupashvili Official

„ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სრულიად მოუთმენელია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი აცხადებს. უსუფაშვილი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები დანაშაულს უმოკლეს ვადაში გახსნიან.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეული ფიზიკური შეხლა-შემოხლის თემატიკის გარკვეულ გამოცოცხლებას. გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს ახლა, ვიდმე ოდესმე. იმიტომ, რომ ეს, შესაძლოა, ინდივიდუალური მოვლენები, ფაქტები არ იყოს და სწორედ რაღაც ჯაჭვის გარკვეულ რგოლებთან გვქონდეს საქმე. ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სრულიად მოუთმენელია.

მე დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ამ დანაშაულს ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან, ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა დანაშაული იხსნება ამ ქვეყანაში. მაგრამ ამ ფაქტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და დატვირთვა იქნება“, - აცხადებს უსუფაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

 

კომენტარები