თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

პეტრიაშვილი წიკლაურის ცემაზე: გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი "კატეგორიულად გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ოპონენტებზე". მისივე თქმით, არ სჯერა, რომ გუშინდელი დანაშაული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ჩაიდინეს. მისი აზრით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემა "გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს".

"არც არავისზე ნაკლები სიმწარე არ მინახავს არც ოპოზიციაში ყოფნის 4 წლის მანძილზე და არც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაშიც. მაგრამ, გინდათ ისევ მივუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ყოველ დღე ვასაფლავებდით ნაცნობებს და უცნობებს? მე არ მინდა! მით უმეტეს, არ მინდა, ამას ჩემი შვილები მოესწრონ", - წერს პეტრიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იპოვოს მოძალადეები და რეალურად დასაჯოს.

"ოპოზიციამ კიდევ კეთილი ინებოს, გამოვიდეს და ხელი შეუწყოს ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის, ვიცესპიკერ ზურა აბაშიძის, გია გაჩეჩილაძის, 6 მაისის და 15 ივნისის სადისტური დარბევების ბრძანების გამცემების და შემსრულებლების დადგენის და დასჯის პროცესს! რაც მალე განერიდებით თქვენ თვითონ, მით მალე დავუსვამთ წერტილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებულ მძიმე საქმეებსაც. სანამ კიდევ გვიან არ არის, მითქვამს მე თქვენთვის", - აცხადებს პეტრიაშვილი და აღნიშნავს, რომ მას სწამს, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე ამბობს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ასევე სჯერა, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამაღლდა. მისივე თქმით, არ სურს, ოპონენტებს ჰქონდეთ საბაბი, მოსდონ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება.

"არ მინდა შეიქმნას საშიში პრეცედენტი ლინჩის წესით გასამართლების და შემდეგ მავანთა მიერ ეს გაფორმდეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის განადგურების კარგად დაგეგმილი და გააზრებული ქმედება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია და ა.შ.", - წერს სახელმწიფო მინისტრი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით.

კომენტარები