თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ვაშაძე: ნიღბიანებს ჰქონდათ ელექტროშოკი, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურს აქვს

BPN.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მოუწოდებს, პარტიის წევრ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებაზე ზედამხედველობა საკუთარ თავზე აიღოს, ”რადგან პარლამენტის წევრზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა”. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიღბიანი პირები ხმას არ იღებდნენ და თან ჰქონდათ ელექტროშოკი, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლებს აქვთ. 

”სამწუხაროდ, ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ანგარიშსწორებაზე პარლამენტის წევრებთან მიმართებაში. მათ იცოდნენ, რომ ეს იყო იშვიათი გამონაკლისი, როცა ნუგზარ წიკლაურს არ ჰყავდა მძღოლი და ტაქსით მივიდა სახლში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ, საერთოდ ხმას არ იღებდნენ, რომ ხმა არ დაფიქსირებულიყო, იყვნენ ნიღბებით. რაც ყველაზე მთავარია, მათ ჰქონდათ ელექტროშოკი, რომლებიც აქვთ მხოლოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, რომელიც გამოიყენეს წიკლაურთან მიმართებაში.

ამ ფონზე ჩვენ ნამდვილად არ ვენდობით პროკურატურას, რომელმაც ათეულობით საქმე და არაერთი გახმაურებული ფაქტები გასული წელიწადნახევრის მანძილზე არ გამოიძია. ჩვენ არც პრემიერმინისტრს არ ვენდობით, რომელმაც, სავარაუდოდ, იცის კიდეც იმ დანაშაულების შინაარსი, რომლებიც აქამდე მოხდა, მაგრამ მაინც არ იძიებს ამ ფაქტებს.

ამიტომ პირადად ვითხოვთ დავით უსუფაშვილისგან, რომ მან აიღოს თავის თავზე ამ გამოძიების ზედამხედველობა და დროულად მოხდეს ფაქტების დადგენა, თუ ვინ გასცა ბრძანება. არა ის, უშუალოდ ვინ შეასრულა, არამედ ვინ გასცა ბრძანება ამ კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით.

ეს არის მართლაც საგანგაშო. რატომ დავით უსუფაშვილი - იმიტომ, რომ ნუგზარ წიკლაური არის პარლამენტის წევრი და პარლამენტის წევრზე თავდასხმა არის პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში.” - თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრ ნუგზარ წიკლაურს უცნობი პირები თავს დაეხსნენ. 

”დაახლოებით 3 საათისთვის ღამით დავბრუნდი მე სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო დაახლოებით 7-8 ადამიანი. ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ ისინი თავს. დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში ჩემი შეგდება და ყველანაირად ცდილობდნენ, მანქანაში შევეტენე როგორმე. როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო 2-ჯერ ელექტროშოკი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, ვერანაირი საშუალებებით ხელის აღებინება იმაზე, რაც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, რაც უკავშირდება ჩემი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ჩემი ქვეყნის თავისუფლებას”, - თქვა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური გუშინვე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით.

კომენტარები