თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ენმ უსუფაშვილს: წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანეთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მოუწოდებს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრფინგზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, აღნიშნული ფაქტი უმოკლეს ვადაში გამოიძიოს.

„ჩვენ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას მოვითხოვთ, ვინაიდან ამ საქმის გამოძიების ნებისმიერი გაჭიანურება იმ ლოგიკურ ეჭვს დაადასტურებს, რომ ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი გახლდათ, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან ან სპეცსამსახურებთან. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფეს და უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა და მისი ფიზიკურად მძიმედ დაზიანება შესაბამისად იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, წიკლაურის ცემის ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, „სადაც კრიტიკული აზრის გამოთქმა უკვე უშუალოდ ფიზიკური ჯანმრთელობის და ფიზიკური არსებობის რისკს უკავშირდება“.

„მე მინდა, ხელისუფლებას წინასწარ მოვუწოდო, ნუ ეცდება არსებულის გამართლებას რაიმე კონფლიქტის ან შელაპარაკების ვერსიით, გუშინ არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ნიღბიანი, ელექტროშოკებიანი, კარგად მომზადებული 8 ადამიანი ღამის 3 საათზე დეპუტატს საკუთარ სახლთან სპეციალურად ელოდებოდა, მათ არანაირი შელაპარაკება არ მოსვლიათ, არცერთი სიტყვა არ თქმულა. მისვლისთანავე პარლამენტის წევრს თავს დაესხნენ, ამოცანა და მცდელობა იყო, რომ ძალით მანქანაში ჩაესვათ და გაეტაცებინათ. ეს ვერ მოახერხეს მხოლოდ მისი ფიზიკური წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის გამო.

ბოლო პერიოდში ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა ფაქტები, რომელიც მოწმეების გატაცებას უკავშირდებოდა, ბოლო ასეთი ფაქტი უზარმაზარი ტრაგედიით დასრულდა, მხედველობაში მაქვს  შალვა თათუხაშვილის შემთხვევა, როდესაც მისი ოჯახის წევრების განცხადებით, სწორედ მისი გატაცება და წამება გახდა ამ ადამიანის გარდაცვალების საფუძველი. როგორც ჩანს, გუშინდელი ფაქტის შემდეგ ამ ქვეყანაში გადავედით ახალ ეტაპზე, სადაც არა მხოლოდ რიგით ადამიანებს, არა მხოლოდ რიგით მოწმეებს, არამედ პარლამენტის წევრებსაც ემუქრებათ გატაცება, წამება, ფიზიკური ზეწოლა და შეურაცხყოფა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები