თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

პრემიერი სამართალდამცავებს წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დეპუტატის ცემის შესახებ ინფორმაცია დღეს მოისმინა.

„მე ინფორმაცია მოვისმინე ამ დილით. ეს არის, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი, მე უკვე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ აღნიშნული საქმე დროულად გამოიძიონ“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახალი მთავრობის პირობებში გამოძიებები არ ხდება.

„საქმეების გამოუძიებლობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა, ასე წინასწარ დასკვნის გამოტანა არ იქნება სწორი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

”დაახლოებით 3 საათისთვის ღამით დავბრუნდი მე სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო დაახლოებით 7-8 ადამიანი. ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ ისინი თავს. დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში ჩემი შეგდება და ყველანაირად ცდილობდნენ, მანქანაში შევეტენე როგორმე. როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო 2-ჯერ ელექტროშოკი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, ვერანაირი საშუალებებით ხელის აღებინება იმაზე, რაც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, რაც უკავშირდება ჩემი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ჩემი ქვეყნის თავისუფლებას”, - თქვა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური გუშინვე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები