ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გუშინ ღამით პარტიის ოფისთან ინციდენტი მოხდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფი ოფისთან მივიდა, დაცვას შეურაცხყოფა მიაყენა და შენობას საღებავი შეასხა.
”გარდა იმისა, რომ ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს იმისთვის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე სრულმასშტაბიანი შეტევა განახორციელოს, მაგალითად, ხდება ასობით და ათასობით ჩვენი მხარდამჭერის დაკითხვა. გარდა ამ შეტევისა, ხელისუფლება იყენებს პატარ-პატარა ჯგუფებს მსგავსი მავნებლობებისთვის, რომელიც ჩვენს ოფისში ვიხილეთ.
ძალიან ცალსახაა და მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ნაცვლად იმისა, საქართველოს ჰყავდეს პრემიერი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის ეფექტურ მუშაობას, ამის ნაცვლად, ჩვენ გვყავს არა პრემიერი, არამედ ვინმე ჰაკიმ ფაშა, რომელიც დაკავებულია თავისი თანასოფლელების ორგანიზებით და ასეთი მავნებლობების განხორციელებით ”, - განაცხადა ბოკუჩავამ.





