სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ჯაფარიძე: ეს პროცესი სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს ვერ მიაყენებს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

”ეს მთავრობა ვერავის დააჯარებს, რომ ვინმე სააკაშვილზე ცივილიზებულ, თავისუფალ სამყაროში დევნას დაიწყებს, ეს გამორიცხულია”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდება, პრაქტიკულად გამორიცხულია, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოსთვის გადმოცემა მოხდეს.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო რეპუტაციას და ავტორიტეტს ზიანს ვერ მიაყენებს.

”თუ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს რაღაც სამხილების დიდი რაოდენობა, რომელიც მათ, თურმე, ათობით საქმეზე დაუგროვდათ, შეუძლიათ საქმე აღძრან, გამოძიება დაიწყონ  და ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ წინასაარჩევნო ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

ეს ყველაფერი, ეს პროცესი ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ვერც სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაციას,  ვერც მის ავტორიტეტს, ვერც ვერანაირად შეზღუდავს მისი გადაადგილების თავისუფლებას. მაქსიმუმ, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა აღარ შეეძლოს. ამ შემთხვევაში საქართველო ისეთ ქვეყნებს შეუერთდება, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სადაც სააკაშვილს არ ჩაესვლება.

სხვა შემთხვევაში, ზიანი რასაც მიადგება - ეს არის ქვეყნის ავტორიტეტი და რეპუტაცია. ვერავის ვერ დააჯერებს ეს მთავრობა, რომ ვინმე სააკაშვილზე ცივილიზებულ, თავისუფალ სამყაროში დევნას დაიწყებს. ეს გამორიცხულია”, - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა,  ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ მას ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა ასევე უარი თქვა. საგამოძიებო უწყებას ყოფილ პრეზიდენტთან შეკითხვები ათ საქმეზე აქვს. 

 

კომენტარები