სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

რატიანი: ქართული ოცნება პუტინის ოცნებას ასრულებს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურასთან არ უნდა ითანამშრომლოს.

”ეს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციაა, ეს იმ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა, რომელიც 9 წლის განმავლობაში რუსეთს ებრძოდა და, ფაქტობრივად, ქართული ოცნება ამ შემთხვევაში პუტინის ოცნებას ასრულებს. პროცესებს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა და ფარცხალაძის მარიონეტული პროკურატურა მართავს, რასაკვირველია, პრეზიდენტმა არ უნდა ითანამშრომლოს”, - აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურას დისტანციურად მის დაკითხვაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევში, პარტია ბატკივშჩინას ლიდერ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, მათ შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის. ახლა მათ შეცვალეს ფორმები, იმიტომ, რომ (ყველაფერი) კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა".
ყოფილმა პრეზიდენტმა „თავგასულ რუს ოლიგარქებს" ურჩია, უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითზე გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, „ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება" ცუდად მთავრდება.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა.  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად გუშინ, 13:00-ზე იყო დაბარებული. საგამოძიებო უწყებას მასთან შეკითხვები ათ საქმეზე აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებდა.

 

კომენტარები