სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს skype-ით დაკითხვას სთავაზობს

მთავარი პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნული წინადადება სააკაშვილს გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. უწყება აღნიშნავს, რომ ამ შეთავაზებით, ბოლომდე გამოირიცხება ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას.

"საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების და დასაკითხი პირის სრულად ინფორმირების მიზნით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მ. სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს და, შესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზე ისაუბრა.

"ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skypeე) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დღეს, 13:00-ზე იყო დაბარებული. საგამოძიებო უწყებას მასთან შეკითხვები ათ საქმეზე აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებდა.

კომენტარები