სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პრემიერი: მოწმის დაკითხვა სასამართლოში, ვიდეოსაშუალებითაც შეიძლება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოწმის პროკურატურაში დაკითხვის გარდა, სხვა საშუალებებიც არსებობს. მისი თქმით, დღეს, პროკურატურა დეტალურად განმარტავს, თუ რა იქნება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების პროცესის შემდგომი ეტაპები. 

"არსებობს სხვა საშუალებებიც, მაგალითად, იგივე ვიდეოსაშუალებით დაკითხვა სასამართლოში, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ სტანდარტები და გადავედით რეალურად ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის მეორე ეტაპი, შემდეგ უკვე პროკურატურა გააკეთებს ამასთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაბარებული ერთდროულად 10 საქმესთან დაკავშირებით, პრემიერის თქმით, ეს ინსტიტუტებისადმი გარკვეულწილად პატივისცემის გამოხატულებაა.

"პროკურორმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მოწმის სახით მიეყვანა, დაეკითხა სააკაშვილი ერთდროულად ამ 10 საკითხზე,  ვიდრე ათჯერ გამოეძახებინათ 10 განსხვავებულ საკითხზე. მე მგონი ნორმალურია, ეს მათთვის არის ხელსაყრელი, ეს გამოხატულებაა გარკვეული პატივისცემისა ინსტიტუტების მიმართ, რომ არ დაიბარეს ათჯერ ათ საკითხთან დაკავშირებით”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, მოწმის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვას ის კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომლის ამოქმედებაც პარლამენტმა გადაავადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დღეს, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. მიხეილ სააკაშვილთან გამოძიებას კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებდა.

კომენტარები