სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ნადირაშვილი: ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილს ენა წინ ძალიან ხშირად უსწრებს

news.ge

”როდესაც 10 საქმეზე ერთდროულად იბარებ ადამიანს - აქ პოლიტიკური დაკვეთა არის თუ არა, ისეთი ნათელია, რომ კითხვებიც არ რჩება”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს. ნადირაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ”პოლიტიკური დაკვეთით დადგმულ კომედიაში” მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

”ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილს ენა წინ ძალიან ხშირად უსწრებს, ძალიან ხშირად ის არაკომპეტენტურია და თავის თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. დღეს მისი მორიგი აღიარება მოვისმინეთ.

ჩვენი პოზიცია წინასწარ გვქონდა გამოცხადებული: რომ პოლიტიკური დაკვეთით დადგმულ კომედიაში მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ეს ასეც გაგრძელდება. მით უმეტეს, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვინ არის ქვეყნის მთავარი პროკურორი. ძალიან სასაცილოა, რომ ყაჩაღობაზე ნასამართლევი ფარცხალაძე თავის თავს უფლებას აძლევს, რომ საერთოდ ვინმე დაიბაროს დაკითხვაზე”, - აცხადებს ნადირაშვილი.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მოვლენებს გაუსწრო მაშინ, როცა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდება.

”მე მოვლენებს გავუსწარი, უბრალოდ, ჩემი შეფასება იყო და ამას უფრო კარგად პროფესიონალები განმარტავენ, მე ვგულისხმობ პროკურატურას, ისინი მოსახლეობას უფრო კარგად აუხსნიან, თუ რა არის შემდგომი ეტაპები”, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს 13:00 საათზე იყო დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. სააკაშვილი საქართველოში დაკითხვაზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

 

 

კომენტარები