ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ობამას არახელსაყრელ კომენტარზე, ღარიბაშვილის განცხადება საგანგაშოა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, დღეს, 27 მარტს, პრეზიდენტ ობამას კომენტარზე, საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის რეაქციას გამოეხმაურა. ობამას განცხადებას, რომ ”არც უკრაინა და არც საქართველო ახლა NATO-ს წევრობის გზაზე არ დგანან”, ბოკერიამ ქვეყნისთვის არახელსაყრელი უწოდა, ხოლო მასზე პრემიერის რეაქციას - ”საგანგაშო”.

”ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას კომენტარი, გაკეთებული კითხვა-პასუხისას ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ეს კომენტარი არ იყო იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც გაკეთდა, ხელსაყრელი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. კერძოდ იმიტომ, რომ საქართველო მოხსენიებულ იქნა უკრაინასთან კონტექსტში. უკრაინას, მოგეხსენებათ, იანუკოვიჩის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე არ აქვს ამბიცია NATO-ში გაწევრიანების, სწორედ ამიტომ არ გახლდათ ეს ჩვენთვის ხელსაყრელი კომენტარი. საქართველომ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად არა მარტო ბუქარესტის სამიტზე მიიღო მკაფიო დაპირება საბოლოო ჯამში NATO-ში გაწევრიანებაზე, ამასთან ერთად, ბოლო წლებში, საქართველო განიხილებოდა პაკეტში, ჯგუფში, ე.წ. ასპირანტი ქვეყნების, ეს არის მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია. მაგრამ ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ შეეხებოდა საერთო ჯამში აშშ-ის ხედვას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით და არ შეეხებოდა არც კონკრეტულ საკითხს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი კონკრეტული ნაციონალური ამოცანა გახლდათ, ამიტომ არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის”, - განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ”ჩვენ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე NATO-ს გაფართოება არ იგეგმება”, ბოკერიამ უმოტივაციო და უამბიციო პოზიცია უწოდა.

”საგანგაშო გახლავთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, კერძოდ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება ამ ჩვენთვის არახელსაყრელ კომენტარზე. პრემიერმინისტრმა, ფაქტობრივად, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ რაღაც რეალობას უნდა შევეგუოთ. ეს რეაქცია გახლავთ დემონსტრირება იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენ ვხედავთ ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს არის არათანმიმდევრულობა, არაკორდინირებულობა, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია. ჩვენ გვახსოვს პრემიერმინისტრის განცხადებები იმის თაობაზე, რომ MAP-ი საერთოდ პრინციპული არ არის, ჩვენ გვახსოვს მისი გამოსვლა მიუნხენში, სადაც მას საერთოდ დაავიწყდა ეს საკითხი, ჩვენ გვახსოვს დე ფაქტო მმართველის, წინა პრემიერმინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გრძელვადიანად არ ვიცით არის თუ არა ჩვენი პრიორიტეტი. და ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ობამას შეხვედრიდან გამოსული ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც მას ასევე საერთოდ არ უხსენებია NATO-ს საკითხი.

ეს განცხადებები, ისევე როგორც საერთო არამობილიზირებულობა და უამბიციობა, არის ჩვენი მთავარი საფრთხე, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე, როგორ იმუშაოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რა პოზიცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, ჩვენ პირველივე მყისიერ რეაქციას პრემიერმინისტრისგან ვიღებთ, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ასე საქმე არ გაკეთდება. არ არსებობს ვითარება, სადაც, თუკი თავად ამ ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პოზიცია და არ არის მოტივირებული, ვინმე ჩვენ ნაცვლად ჩვენს საქმეს გააკეთებს. იმ ფონზეც კი, რაც არის შექმნილი უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, იმ ფონზეც კი, როცა ჩვენ როგორც ქვეყანას გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, ჩვენ ვერ მივაღწევთ ჩვენს ეროვნულ ამოცანებს, თუკი ჩვენი მთავრობა არ არის ამ რწმენით შეპყრობილი. და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს ძალიან ჰგავს ჩვენი მთავრობის პოზიციას რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. მათ თან, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება მხარდაჭერა ამ საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც უკრაინაში ვხედავთ, მაგრამ, მეორე მხრივ, სურთ და ლაპარაკობენ იმაზე, რომ დაალაგეს ურთიერთობა რუსეთთან, აქვთ პროგრესი, რომ ჯამში ეს ყველაფერი მიდის კარგად და წინა ხელისუფლების ბრალი იყო ეს პრობლემები, რომლებიც მოვისმინეთ ჩვენ მიუნხენში გამოსვლისას. ეს გახლავთ, მეგობრებო, პრობლემა. უნდა მოვუწოდოთ ჩვენს პრემიერს და ჩვენს ხელისუფლებას, გვერდზე გადადონ ეს რაღაც მოკლევადიანი პოპულიზმი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, მთლიანად მოახდინონ ფოკუსირება იმაზე, რომ ჩვენ, ამ ჩვენთვის სარისკო, მაგრამ პოტენციურ ხელსაყრელ ისტორიულ ვითარებაში, გადავდგათ ნაბიჯები წინ. ჯერჯერობით, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები, კერძოდ, ევროკავშირთან პროგრესი და ის, რომ საქართველო, იმედი გვაქვს, მოაწერს მალე ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ეს გახლავთ, პირდაპირ ვიმეორებ, პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო წინა ხელისუფლებისგან. ასოცირების ხელშეკრულების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვარშავის სამიტზე 2011-ში და ახლა ეს ყველაფერი სრულდება. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ წინ გადადგას ნაბიჯები და ახალი ამოცანები დაისახოს. ასეთი ამოცანა ჩვენთვის არის NATO-ში მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. და „რეალობასთან შეგუების" ნაცვლად, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული ამოცანები იქნას შესრულებული", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები