საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

გიორგი მარგველაშვილი მილან ცაბრნოხს შეხვდა

Giorgi Margvelashvili Official

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის პირველმა პირმა და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მილან ცაბრნოხმა ყურადღება საქართველოში სტაბილურობასა და რეგიონალურ უსაფრთხოების  შესახებ გაამახვილეს.

”მათ აგრეთვე იმსჯელეს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტების დარეგულირებაში. საუბარი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებსაც შეეხო. შეხვედრის მსვლელობისას, განიხილეს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების, უმცირესობათა უფლებებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში საქართველოსა და ევროპას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები”,- აცხადებენ პრესსამსახურში.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე თინა ხიდაშელი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები