საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ბოჭორიშვილი: EU-ში გაწევრიანებაზე დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმის ენით საუბარი

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენილმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა პარტნიორებთან დიალოგი, თუმცა "დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი, პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება".

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას. შესაბამისად, გამორჩეული პრიორიტეტი იქნება NATO-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა - ეს უდიდესი მიღწევა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ჩვენს თავდაუზოგავ ბრძოლას პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ურყევ ნებას.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის – თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში მთავარ სამართლებრივ ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ჩათვლით, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს საჭირო რეფორმებისთვის. ჩვენი მიზანია, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი ნამდვილად არის გამორჩეული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ისეთივე წარმატებული იქნება და დიდ როლს შეიტანს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში, როგორც ეს ხდებოდა გასულ წლებში.

რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის მიღწევას სჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს. დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი, პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება. მე იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდგომ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გადავდგათ წინ ნაბიჯები წევრობისკენ". - თქვა ბოჭორაშვილმა.

კობახიძემ გუშინ, 26 ნოემბერს იუსტიციის, საგარეო და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეცვალა.

კომენტარები