NATO-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ობამას არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს გზაზე არ არიან

radiotavisupleba.ge

”პრეზიდენტ ბარაკ ობამას არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს გზაზე არ არიან”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს. მინისტრის თქმით, საქართველო NATO-სკენ მიმავალ გზაზე მტკიცედ მიდის.

”საქართველო მტკიცედ მიდის NATO-სკენ გზაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ გზაზე დემოკრატიულ რეფორმებს, დემოკრატიის გაძლიერებას ახორციელებს და ეს არის მთავარი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს NATO-ში მიიღებენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეს ასეც იქნება, რომ სამიტზე ის პროგრესი იქნება ასახული, რაც საქართველოში გასული წელიწად-ნახევარი-2 წლის განმავლობაში მოხდა”, - აცხადებს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას  განცხადებით, არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა NATO-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან. ობამამ ასევე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას არ გეგმავს. 

ობამას განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებმა მას პირად საუბარში უთხრეს, რომ უკრაინის NATO-ს პოტენციური წევრობა, მათი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზია.

”არც უკრაინა და არც საქართველო ახლა NATO-ს წევრობის გზაზე არ დგანან. ასევე მსურს გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოების გეგმა არ არსებობს. მე ვიცი, რომ სულ მცირე კულისებში, რუსეთი ღელავდა იმაზე, რომ უკრაინა NATO-ს პოტენციური წევრი ქვეყანა იყო. რუსეთსა და უკრაინას კომპლექსური ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, ამის ბრალია, რომ ფორმალურად უკრაინას NATO-სთვის გაწევრიანების სურვილით არასოდეს მოუმართავს. ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალშიც ასე დარჩება.  

როგორც გუშინ განვაცხადე, NATO-ს წევრ ქვეყნებთან ჩვენ ვალდებულებები გვაკავშირებს, მათ შორის, სამხედრო დახმარებაც. რაც შეეხება არაწევრ ქვეყნებს, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს, რაც ეფუძნება ჩვენს რწმენას იმ პრინციპებისა და იდეალებისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩათვლით”, - განაცხადა ობამამ. 

კომენტარები