ზურაბ ჟვანიას საქმე

ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

”დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მითითებით, სრულიად უზნეოდ, კიდევ ერთხელ, გამოიყენა ქვეყნის ლიდერისა და  ჩვენი მეგობრის ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი. ამჯერად, საქართველოს მთავრობამ ამისათვის გამოიყენა საქმის გამოძიების მასალებში არსებული ფოტო და ვიდეომასალის დამუშავებული კადრები, საზოგადოებაში აჟიოტაჟის შესაქმნელად, რათა ცილისწამების და სპეკულაციის კამპანია დასკვნით სტადიაში გადასულიყო  და წინასწარ გაცხადებული ყალბი ვერსიის გარშემო  მთელი საქმის ფაბრიკაცია მომხდარიყო. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საიმედოდ დაცული მასალა გავრცელდა ანონიმ ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით ,,სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია“.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ რამოდინე თვის წინ, ზურაბ  ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის სულ სხვა ყოფით, ეკონომიკურ საქმეზე ასევე უკანონო დაკავების შემდეგ ღიად განაცხადა, რომ დაკავება ჟვანიას საქმეს უკავშირდება. ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული კადრების შემდეგ, პროკურატურამ დააკავა ზურაბ ჟვანიას დაცვის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ძაძამია და 2005 წლის თებერვალში ჩატარებული ექსპერტიზის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა. ექსპერტის დაკავება მოხდა ყველანაირი დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, მთავრობის მიერვე ანონიმურად ატვირთული კადრების საფუძველზე”,-აცხადებს თარგამაძე.

მისივე  თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ღიად, საინფორმაციო საშუალებებით გამოცხადებული ვერსია,  საგამოძიებო ორგანოებისადმი პირდაპირი დავალებაა იმის შესახებ, თუ რა დასკვნა უნდა დადოს პროკურატურამ.

”კერძოდ, პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამაში სავარაუდოდ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე მთელი ამ ამაზრზენი აჟიოტაჟის პოლიტიკური სარჩული და ივანიშვილ - ღარიბაშვილის ჩანაფიქრი დევს, მიუხედავად ჩვენი არაერგზის საჯარო მოთხოვნისა მომხდარიყო მასალების გასაჯაროება, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისათვის მზად არ არის და იმისათვის, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო საზოგადოებაში არსებული სპეკულაცია, დასრულდეს  აუცილებლად მიგვაჩნია: შეიქმნას სპეციალური ნდობის ჯგუფი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები შევლენ.  ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, როგორც თავდაპირველი, ასევე ხელახალი გამოძიების ყველა მასალა სრულად გაეცნოს. ამავე ჯგუფს გაეცნოს აქამდე არგასაჯოროებული ყველა მასალა, ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნის ჩათვლით. ამავე ჯგუფს  გამოძიებაში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა გაეცნოს,  ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცეთ , საქმეზე დაკავებულ პირებს შეხვდენ, რათა მათზე ზეწოლა გამოირიცხოს. ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსჰუმაცია, განხორციელდეს ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით, სრული ფიქსაციით ვიდეო და აუდიო მატარებლებზე, რათა გამოირიცხოს ფაბრიკაციის შესაძლებლობები ხელახალი ექსპერტიზისა და ექსჰუმაციისას.  ყველა ხელახალი ექსპერტიზა  საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა ხელახალ ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვართ, რომ საჯარო სპეკულაციებს მხოლოდ სიმართლე დაასრულებს  და საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მეტი  იმსჯელოს ზურაბ ჟვანიას უნიკალურ მემკვიდრეობაზე საქართველოს წინაშე ბინძური ჭორების ნაცვლად”,-განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნული ფოტომასალას 20 მარტს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.ღარიბაშვილის თქმით, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება.

“თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში შეუიარაღებელი თვალით  აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები  თავის არეში, ასევე სისხლჩაქცევები. თუნდაც ის ფაქტი, რომ  რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, მის ტანისამოსს თუ დააკვირდებით, ძალიან დამაეჭვებელია“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

ამასთან, 21 მარტს, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

 

კომენტარები