კრიზისი უკრაინაში

ობამა: ომზე რომ არ მივდივართ, არ ნიშნავს, რომ რუსეთი იზოლირებული არ არის

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა. გამოსვლისას ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ მოსკოვი სიტუაციის ესკალაციაზე წავა, მის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი სანქციები ამოქმედდება. ამ კონტექსტში ობამამ საქართველოც მოიხსენია. მისი თქმით, რუსეთი დღეს უფრო მეტად არის იზოლირებული, ვიდრე 5 წლის წინ საქართველოს შემთხვევაში იყო.

"უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ რომ რუსეთთან ომზე არ მივდივართ, არ ნიშნავს, რომ რუსეთი იზოლირებული არ არის. რუსეთი დღეს უფრო მეტად არის იზოლირებული, ვიდრე 5 წლის წინ იყო საქართველოს შემთხვევაში და საბჭოთა კავშირის დროს მე-20 საუკუნეში.
რუსეთი რეგიონული ძალაა და ის საფრთხეს რამდენიმე უახლოესი მეზობლისთვის წარმოადგენს. მაგრამ ეს არა ძალის, არამედ სისუსტის ნიშანია. მაგალითად, ჩვენ არ გვჭირდება მეზობლებზე თავდასხმა, რათა მათთან სასურველი ურთიერთობა გვქონდეს. ის ფაქტი, რომ რუსეთი სამხედრო ინტერვენციაზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე წავიდა, მისი გავლენის მხოლოდ შემცირებაზე მეტყველებს. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინაში საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შემოღებაზე კონსულტაციებს ევროპელ ლიდერებთან გააგრძელებს.

კომენტარები