სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

4 არასამთავრობო: პროკურატურამ უნდა განმარტოს სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა წარიმართოს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, სამართლიანი არჩევნებისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთობლივ განცხადებაში წერია, მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს.

"ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კონტექსტის გათვალისწინება. საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი, განსაკუთრებული საგარეო საფრთხეების წინაშე იმყოფება. იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, ხდება ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების დაანონსება, ხოლო, მეორე მხრივ, კეთდება NATO-ს გაფართოების პროცესისადმი ახალი მიდგომების შესახებ განცხადება, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბარება საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ აღიქვან, როგორც ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება და ეს ფაქტი უარყოფითად არ აისახოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დასაკითხად დაბარების განხილვა წინასაარჩევნო კონტექსტშიც შეიძლება.

"პროკურატურამ უნდა განმარტოს, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საპროცესო მოქმედებების წარმოება უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესზე. ვფიქრობთ, საგამოძიებო ორგანოებმა, შარშანდელი არჩევნების მსგავსად, მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მსგავსი ქმედებებისგან. აღნიშნული ცალსახად პოზიტიურ გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, კანონის წინაშე თანასწორია და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან".

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად დაიბარა. გამოძიებას კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

კომენტარები