ზურაბ ჟვანიას საქმე

ქადაგიძე: სააკაშვილს თანხაზე ანგარების მოტივით მკვლელობის კონტექსტში ვკითხე

primetimenews.ge

”მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთო”, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე აცხადებს. ქადაგიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და მასთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

”რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ყველა მათგანის შინაარსი დაახლოებით ერთი იყო: ჩვენ მუდმივად გამოძიებაზე ვლაპარაკობდით, მე შემიძლია, ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით შევაჯამო: მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთო. ეს არის მისი სიტყვები", - აცხადებს ქადაგიძე. 

ქადაგიძე ასევე განმარტავს, თუ რა კონტექსში ჰქონდა საუბარი თანხაზე სააკაშვილთან. 

”რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა საუბარი, იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ როდესაც მე ვცდილობდი სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა, ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო: რახან დაცვის უფროსმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ღამე მისი ორივე სეიფი გახსნა, იქნება აქ ადამიანური ანგარების მომენტიც იყო და ეს მკვლელობა, შეიძლება, იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაცა მოიპარა. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომელიც იყო სეიფებში, დაკარგული იყო. რაც შეეხება იმას, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მე რაღაცა მითხრა, ეს ძალიან ჰგავს თამარ დეკანოსიძის, გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას”, - აცხადებს ქადაგიძე.

მან იმ ვიდეოზეც ისაუბრა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოებს ასახავს. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს მასალები გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ ჰქონდა.

”რაც შეეხება ფოტო და ვიდეომასალებს, რომელიც გავრცელდა, ეს მასალები მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც იმ მასალებში მოხვდა, იყო: სადაც ტუჩი აქვს გადმოწეული და სისხლჩაქცევა ჩანს. მე რომ ეს ფოტო შემხვდა, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, ასეთი ფოტო არის და ასეთი დაზიანება არსებობს-მეთქი, ადეიშვილმა თქვა, მოიტანეთ ფოტოებიო, მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო.  

რაც შეეხება მასალების გასაჯაროებას - გამოძიება არ არის დამთავრებული. ის, რომ გასაჯაროება არ ყოფილიყო, არავისთვის არ მითხოვია. იმიტომ რომ, ბუნებრივად, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ეს მასალები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გასაჯაროვდება, მათ შორის, პირველყოვლისა, გამოძიების ინტერესების გამო”, - ამბობს ქადაგიძე.

მანვე განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე თანახმაა. ქადაგიძემ ჟვანიას გარდაცვალების ღამეც გაიხსენა და თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ღამითვე მივიდა.

”შემთხვევის ადგილას ღამით მივედი. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, რას დავინახავდი მე იქ. მე დავინახე, რომ ზურა ცოცხალი აღარ არის, დანარჩენი მე არაფერი მახსოვს”, - ამბობს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. სააკაშვილმა ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

”როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, 21 მარტს, გადაცემა პოზიციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ ითხოვა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალები არ გასაჯაროებულიყო. 

”მე და მიხეილ მაჭავარიანი ვახლდით, სამნი ერთად გავეცანით ამ მასალებს, დასკვნას და ფოტომასალას, რისი ნაწილიც იყო ატვირთული Youtube-ზე. მაშინ ნინომ დასვა ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა აუცილებელი პროცედურა იმისათვის, რომ გასაჯაროვდეს მასალები, კანონის რომელიმე ნორმა ხომ არ არის, რომელიც ითხოვს სავალდებულო გასაჯაროებას, რაზეც ზურამ უპასუხა, რომ სავალდებულო გასაჯაროებაზე მსჯელობა მხოლოდ ოჯახის, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით შეიძლებოდა. მაშინ იყო საუბარი, რომ პირიქით, ნინოს სურვილია, ეს მასალები არ გასაჯაროვდეს. ადეიშვილის პასუხი იყო, სანამ ჩვენი ხელისუფლება იქნება, არ გასაჯაროვდებაო. ეს პირობა ნამდვილად შევასრულეთ”, - განაცხადა გოგორიშვილმა.  

შეგახსენებთ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

ამასთან, 21 მარტს, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

 

კომენტარები