ზურაბ ჟვანიას საქმე

კანდელაკი: ცდილობენ, ჟვანიას სიკვდილიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ეხმაურება. კანდელაკი აცხადებს, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ, ჟვანიას უბედური შემთხვევის გამო გარდაცვალებიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ.

”სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ძალები, ოპონენტები საქართველოში, რომლებიც საქართველოს გარდაცვლილი პრემიერმინისტრის სახელით სპეკულირებას არ ერიდებიან, არ ასვენებენ ზურაბ ჟვანიას საფლავში და ცდილობენ, ჟვანიას უბედური შემთხვევის გამო სიკვდილიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ყველა ამ ადამიანის ამორალური საქციელი, ვინც ამითი იყო დაკავებული და ამჟამადაც არის დაკავებული, ზედაპირზე გამოვა და მათ საყოველთაო სირცხვილის გარდა არაფერი დარჩებათ”, - აცხადებს კანდელაკი.

შეგახსენებთ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

ამასთან, 21 მარტს, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

 

კომენტარები